ორგზისი კრების მე-15 კანონის შესახებ
მღვდელ-მონაზონი გრიგოლ ლურიე
| განსხვავებით სხვა კანონთაგან, ორგზისი კრების მე-15 კანონი თავად იძლევა მასში მოცემული დისციპლინარული ნორმის ეკლესიოლოგიურ საფუძველს. მწვალებელ ეპისკოპოსთაგან განშორება საჭიროა იმიტომ, რომ ისინი ეპისკოპოსები აღარ არიან და იქცნენ ცრუ-ეპისკოპოსებად და ცრუ-მოძღვრებად. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მწვალებლობა ახალია და არ ყოფილა ცნობილი ადრე, აგრეთვე თუ ეს მწვალებლობა ეპისკოპოსის მიერ ღიად არ იქადაგება? ლოგიკური მსჯელობებით უმჯობესია ნუ დავიწყებთ ამ კითხვებზე პასუხის ძებნას, რამეთუ საუბარია ღმრთივსულიერი ჭეშმარიტების ძებნაზე, რომელიც განეცხადება არა ადამიანის დაცემულ აზროვნებას, არამედ წმიდა მამათა ღმრთივშემეცნებას. პასუხიც წმიდა მამებთან ვეძებოთ. ამრიგად, რა ემართება ეპისკოპოსს, თუკი ის ღალატობს მართლმადიდებლობას? მამათა პასუხი საკმაოდ მარტივია: ეპისკოპოსი - მწვალებელი, ისევე როგორც ყველა მწვალებელი, სრულიად მკვდარია ეკლესიისთვის და მარადიულობისთვის, ხოლო მკვდარს შეუძლებელია გააჩნდეს რაიმე ქმედითი მსახურება ცოცხალთა შორის. მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც ეპისკოპოსი მწვალებლობიდან სინანულით ბრუნდება ეკლესიაში. შეუნარჩუნდება თუ არა მას სამღვდელო ღირსება? ეპისკოპოსთა განდგომილება იშვიათობას არასოდს წარმოადგენდა, მაგრამ მათ მიერ სინანულის გამოხატვის შემთხვევა იმდენად უჩვეულო და იშვიათია, რომ ეკლესია ყველა ამგვარ სიტუაციას ინდივიდუალურად განიხილავდა: როგორ და რა წოდებით მიეღოთ ისინი ეკლესიაში. ეს პრაქტიკა ხატმბრძოლობის ეპოქაში ძირფესვიანად შეიცვალა, რადგანაც მწვალებლობაში ვარდებოდნენ და შემდგომ ეკლესიაში სინანულით ბრუნდებოდნენ იმპერიის თითქმის ყველა ეპისკოპოსი. ამ შემთხვევაში გაჩნდა აუცილებლობა ზუსტი კანონების შემოღებისა. ამ კანონთათვის საღვთისმეტყველო საფუძვლები წმიდა პატრიარქმა ნიკიფორე აღმსარებელმა წარმოადგინა - მაგრამ თავად ექსორიაში მყოფმა ვეღარ შეძლო პრაქტიკაში გამოეყენებინა პატრიარქის უფლებამოსილება. ღირსი თეოდორე სტუდიელი თავის წერილებში იგივე პოზიციაზე დგას. წმ. ნიკიფორეს დაწყებული საქმე განახორციელა, ხატმბრძოლობის ერესის საბოლოო დამარცხების შემდეგ აღსაყდრებულმა პირველმა მართლმადიდებელმა პატრიარქმა წმ. მეთოდემ. რაც შეეხება წმ. ფოტიუს დიდს და ორგზისი კრების მამებს, მათ საეკლესიო კანონმდებლობის ნორმის ხარისხში აიყვანეს იმ დროისათვის უკვე მოქმედი საეკლესიო სწავლება. წმ. ნიკიფორეს სწავლების მიხედვით, მწვალებლობის მიღებით ეპისკოპოსი კარგავს სამღვდელო მადლს - მაგრამ ეს პროცესი არ არის ავტომატური. ბევრი რამ დამოკიდებულია ამგვარი ეპისკოპოსის შეგნებულ მოქმედებაზე: არღვევს თუ არა იგი შეგნებულად თავის სამღვდელმთავრო აღმსარებლობასა და ფიცს, რომელიც მან ქიროტონიის დროს წარმოთქვა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: ახალ მწვალებლობაში ვარდება ეპისკოპოსი, თუ ძველში, რომელიც უკვე ანათემირებულია. თუკი ერესი - ახალია, მაშინ განდგომილ ეპისკოპოსს გარკვეული, დროებითი შეღავათი ეძლევა თავის ცოდვაში, რადგანაც მან შეიძლება თქვას, რომ არ იყო გაფრთხილებული და უმეცრებით შესცოდა, ამიტომაც ფიცის გამტეხად ვერ ჩაითვლება და სინანულის შემთხვევაში ეპისკოპოსადვე იქნება მიღებული. მაგრამ თუკი ერესი - უკვე ცნობილია, მასში ჩავარდნილი ეპისკოპოსი ფიცის გამტეხია. იმ სარწმუნოების ღალატით, რომელშიც იგი იქნა ხელდასხმული, იგი კარგავს ხელდასხმის მადლს. აქედან ნათელია პრინციპული სხვაობა იმ მონანულ ხატმბრძოლებისა, რომლებიც VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787 წ.) წმ. ტარასის დროს მიიღო ეკლესიაში ეპისკოპოსთა ხარისხში, და იმ ხატმბრძოლებს შორის, რომლებიც 815 წელს კვლავ შეუერთდნენ ხატმბრძოლ კრებას, შემდეგ კი სინანულით ითხოვდნენ ეკლესიაში მიღებას. ამ უკანასკნელთათვის სინანულის შემთხვევაშიც კი სამღვდელო ხარისხისაკენ მიმავალი გზა დახშულია. წმ. ნიკიფორე წერდა ამის შესახებ. წმ. მეთოდემ ეს საქმით აღასრულა. მან სამღვდელო წოდებიდან განკვეთა თითქმის მთელი კლიროსი ბიზანტიის იმეპრიისა. ბევრ მართლმადიდებელს გაუჭირდა მხარი დაეჭირა ესოდენ მკაცრი ზომებისათვის, მაგარმ წმ. მეთოდეს ამგვარ გადაწყვეტილებას იმ დროისთვის ყველაზე ავტორიტეტული მოღვაწეები აკურთხებდნენ, მათ შორის წმ. იოანიკი დიდი. საფუძველი ამ ნაბიჯს მოუმზადა წმ. ნიკიფორე აღმსარებელმა და ბოლოს მას სრულიად უჭერდნენ მხარს ზილოტები. იმპერიის მთელი მოსახლეობა იძულებული იყო შეგუებოდა იმ საშინელ საეკლესიო არეულობას, რომელმაც მკვეთრად შეცვალა კეთილმოწყობილი, მაგრამ არამართლმადიდებლური საეკლესიო ცხოვრება. ხალხი სამღვდელოების გარეშე დარჩა, ხელისუფლება სოციალურ არასტაბილურობას შეეჯახა - მაგრამ სამაგიეროდ რამოდენიმე წლის შემდეგ სრულიად აღსდგა მართლმადიდებელი და არა სხვა რომელიმე ეკლესიის სრული სტრუქტურა და ადმინისტრაციული მოწყობა. თუკი წმიდა მამათა რჩევით მთელი ქვეყანა დათანხმდა გადაეტანა საშინელი ორგანიზაციული ქაოსი საეკლესიო ცხოვრებაში, მაშინ რა თქმა უნდა, მონანული, მაგრამ მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ უკვე განსჯილი მწვალებლობისკენ კვლავ მიბრუნებული ეპისკოპატი და სამღვდელოება იძულებული იყო შეგუებოდა ეკლესიაში მხოლოდ ერისკაცთა უფლებებით დაბრუნებას. აი, რას წერდა მათ შესახებ წმ. ნიკიფორე: "რადგან ხატმბრძოლობაში განდგომილმა ეპისკოპოსმა უარი თქვეს იმ სარწმუნოებაზე, რომელშიც იყვნენ ხელდასხმულნი, ამიტომ ცხადია ქიროტონიის გარეშე დარჩნენ და განკვეთილნი არიან ეკლესიიდან, როგორც სხვაგვარად მასწავლებელნი. მათი დანაშაული იზრდება და მსჯავრი უფრო და უფრო დიდია რადგან, არა ახალი საკითხების განხილვისას, არამედ მათთვის ცნობილი, ეკლესიის მიერ უკვე გადაწყვეტილი საკითხის წინააღმდეგ მოაწერეს ხელი, და ეს ყველაფერი მოიმოქმედეს მას შემდეგ, რაც ეკლესიის დოგმატთა მასწავლებლების თანამდებობა ეპყრათ და თავადაც დიდხანს იმყოფებოდნენ სწორ მოძღვრებასთან ერთობაში... (PG 100, 841 Bჩ) "... უარყვეს რა ჩვენი უმწიკვლო სარწმუნოება, ისინი მოეკვეთნენ ეკლესიის დიდსა და განუყოფელ სხეულს, როგორც დამპალი და გახრწნილი ორგანონი, გახდნენ რა უგუნურებით სხვაგვარად მადიდებელთა თანაზიარნი" (PG 100, 548 B.). "... უარი თქვეს რა მოსწრაფებით მართალ აღმსარებლობაზე, მყის მოაკლდნენ სული წმიდის ცხებას, რამეთუ შეუძლებელია ღალატობდე სარწმუნოებას, რომელშიც ცხებული ხარ, და იმავდროულად აღასრულებდე იმას, რაც ცხებულებით გებოძა. სწორედ ამიტომ გამოაცხადა ასეთები ეკლესიამ სამღვდელო მადლის გარეშე" (PG 100, 548 Bჩ). ამრიგად, თუ მწვალებლობა მხილებულია და ანათმირებული, მისი თანაზიარი ეპისკოპოსი ფიცის გამტეხია და თავს ვერ იმართლებს უცნობლობის მიზეზით. სინანულის შემთხვევაში მისი მიღება ეკლესიაში არანაირ სამღვდელო ხარისხში არ შეიძლება. მისი სამწყსო, მიუხედავად მისი შესაძლო სინანულისა, როგორც მგლისაგან ისე უნდა გარბოდეს მისგან. თანამედროვეობასთან მიმართებაში ჯეროვანი იქნება შემდეგი დასკვნის გამოტანა: ეკუმენიზმის მწვალებლობა შეუძლებელია შევადაროთ ხატმბრძოლობას VII მსოფლიო კრებამდე (787 წ.), როგორც ამას ფილიის მიტროპოლიტი კიპრიანე ცდილობს. იმის დაშვებითაც კი, რომ თითქოსდა ეკუმენიზმი ახალი ერესია და ეკლესიას თითქოს ჯერაც არ განუსჯია (თუმცა ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, თუნდაც რ.ს.მ.ე-ს 1983 წლის ანათემის გამო), შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ ეკუმენიზმი თავის თავში შეიცავს უამრავ ძველ ერესს, რომელთაგანაც მართლმადიდებლობის დაცვის აღთქმა ყველა ეკუმენისტ-ეპისკოპოსს აქვს ქიროტონიის დროს დადებული. აქედან გამომდინარე, ის ეკუმენისტები, რომელთა ხელდასხმაც კანონიკურია, სრულიად განკვეთილნი არიან ეკლესიიდან - 815 წლის შემდგომი ხატმბრძოლების მსგავსად. მათგან ხელდასხმულნი, მწვალებელთაგან ხელდასხმულნი არიან და მიდგომა მათ მიმართ გამომდინარეობს წმ. ნიკიფორე აღმსარებელისა და წმ. თეოდორე სტუდიელის მიერ ჩამოყალიბებული კანონების მიხედვით. ამრიგად, ეკუმენისტური თანამეგობრობის წევრები არ შეადგენენ ეკლესიის ნაწილს. ხოლო ვინ შეადგენს ეკლესიას, ამის შესახებ მოვუსმინოთ წმ. ნიკიფორე აღმსარებელს: "მაშინაც კი, თუკი მწვალებლობის თანაზიარი ცრუ იერარქები, მოახერხებენ მრავალთა ცთუნებას და თავის გარშემო შემოიკრებენ მრევლის უმრავლესობას, ისინი მაინც ეკლესიის საღმრთო ზღუდის მიღმა დარჩებიან. ეკლესიას კი მართლმადიდებლობაში და კეთილმსახურებაში მყოფი სამწყსო შეადგენს, თუნდაც მცირე იყოს მათი რიცხვი. სწორედ მათ ეძლევათ ძალაუფლება, რათა დაიცვან საეკლესიო განწესებანი. და თუკი მათ ჭეშმარიტებისათვის დევნა, შევიწროვება და ყვედრება შეხვდებათ; უეჭველია ეს მათი სულების გადარჩენასა და მარადიულ დიდებას ემსახურება" (PG 100, 844 D). |