საქართველოს საპატრიარქოს მოღვაწეობა
1997-2001 წლებში
|
1997 წლის 20 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებით “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობაზე და გამოდის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან და ევროპის ეკლესიათა კონფერენციიდან”. აგრეთვე, 1998 წლის 29 აპრილი - 2 მაისის “ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრებაზე” ქ. თესალონიკში, სადაც ყველა ოფიციალური საპატრიარქოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში საპატრიარქოს სინოდის მიერ იქნა დამტკიცებული, რომ “მართლმადიდებელი დელეგატები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებსა და ღვთის თაყვანისცემაში და ასსამბლეის სხვა რელიგიურ რიტუალებში”. ახლა გადავხედოთ 1997-2001 წლებში ე.წ. ოფიციალური საპატრიარქოების სულიერ მოღვაწეობას, რამდენად ერთგულნი იყვნენ ისინი საკუთარი გადაწყვეტილებების. ამ საპტრიარქოთა განუყოფელ ნაწილს საქართველოს საპატრიარქოც წარმოადგენს და ამ განუყოფელ ერთობას ისინი “ერთ, წმიდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიას” უწოდებენ. ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტური მასალის გაცნობის შემდეგ, პატიოსანო მკითხველო, შენთვის მოგვინდია დასკვნების გამოტანა. შეიძლება კი სიტყვით და საქმით ღმერთის და ჭეშმარიტების მოღალატეთა ერთობა-განუყოფლობას, რომლითაც ასე იწონებენ თავს ოფიციალური საპატრიარქოების წარმომადგენლები, ეწოდოს: “ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”? თავად თესალონიკის დოკუმენტი, რომელიც ეკუმენისტმა იერარქებმა ლამის მართლაღმსარებლობის ეტალონად გამოაცხადეს, მთლიანობაში კვლავ ეკუმენიზმს ქადაგებს. მაგ.: “მართლმადიდებელთა მონაწილეობა ეკუმენისტურ მოძრაობაში ყოველთვის ეფუძნებოდა და ეფუძნება მართლმადიდებლურ გარდამოცემას (ე.ი. საღმრთო წერილს, სჯულის კანონს, წმიდა მამათა მოძღვრებას. ავტ.), ... დელეგატები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ კვლავაც საჭიროა აღმსარებლობათაშორისი მოღვაწეობის გაგრძელება სხვადასხვა ფორმით (ანუ ეკუმენიზმი)”. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ემს-დან თვითნებური გამოსვლის გამო, რითიც დააფიქსირა ნამდვილი მიზეზი ამ მოულოდნელი ნაბიჯისა - “სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეგვეძლო, ყოველგვარი დაყოვნება დიდი განხეთქილებით იმუქრებოდა” (გაზ. “მადლი”, 1998 წ. 12-13). თესალონიკის დოკუმენტის მოზაიკურმა ხასიათმა, თავიდანვე ეჭვი და უნდობლობა გამოიწვია მრავალ ქრისტიანში. სამწუხაროდ, შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყვეს და ნათლად წარმოაჩინეს “მართლმადიდებელ” ეკუმენისტთა ორპირი, მოღალატური სახე. თესალონიკის შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ეკუმენისტურ საყდართა უმრავლესობის წარმომადგენლებმა დამასკოში (სირია) ერთობლივი ლიტურგია (წირვა) ჩაატარეს მონოფიზიტებთან, შემდეგ კი თამამად განაცხადეს: “მართლმადიდებლები და მონოფიზიტები ქრისტეს ერთიანი სხეულის ნაწილები ვართ და სული წმიდის მიერ წარვიმართებითო”. ამას მოჰყვა უკვე ტრადიციული სამაისო შეხვედრა პატრიარქ ილია II-სა და სომეხთა პატრიარქ გარეგინ I-ს შორის, ამჯერად აშშ-ში, მონოფიზიტთა ტაძარში, სადაც ქართველი ეკუმენისტები საზეიმო პარაკლისს დაესწრნენ. ხოლო 21 მაისს პატრიარქ ილია II-ს საპატივცემულოდ გამართულ ეკუმენისტურ დოქსოლოგიაში (სადიდებელი მღვდელმსახურება) მონაწილეობა მიიღეს პროტესტანტმა მღვდელქალა ჯ. კემბელმა (აშშ-ს ეკლესიათა ეროვნული საბჭოს მდივანი) და რაბბინმა ჯ. რუდინმა (აშშ-ს ებრაელთა კომიტეტი). (Diocese of Armenian Church of America Press Release, 15 May, 1998) 1998 წლის 28 ივნისს, რომს ტრადიციულად ესტუმრა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც პერგამოს მიტროპოლიტი იოანე ზაზალოსი ხელმძღვანელობდა. “მართლმადიდებლები” დაესწრნენ საზეიმო მესსას პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით (ახალი კალენდრით). მესსის შემდეგ, რომის პაპმა იოანე პავლე II-მ სიტყვით მიმართა სტუმრებს: “მე ძლიერ მახარებს ჩვენი გაერთიანების პერსპექტივა, რომელსაც მე და პატრიარქმა ბართლომეოსმა ჩავუყარეთ საფუძველი ერთობლივ დეკლარაციაში, სადაც ჩვენ ვაიძულებთ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს, რომ ერთობლივად განვლონ სულიერი გზა იუბილესკენ (2000 წლისკენ)”. საპასუხო სიტყვით გამოვიდა მიტროპოლიტი იოანე: “... ჩვენს ორ ეკლესიას შორის მომხდარი გაყოფის ხანგრძლივი პერიოდის მწარე გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ აუცილებელია დაჩქარდეს ჩვენს შორის სრული ევქარისტიული ერთობის აღდგენის პროცესი, რათა მესამე ათასწლეულს ეკლესია გაერთიანებული შეხვდეს. როგორც თქვენმა უწმინდესობამ აღნიშნა რამოდენიმე წლის წინ - აღმოსავლეთი და დასავლეთი ორი ფილტვია, რომლითაც სუნთქავს ეკლესია; მათი გაერთიანება არსებითია ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის ჯანსაღი ცხოვრებისათვის”. (“Русская линия”. 1.08.1998) იგივე სიტყვები აქვს ნათქვამი კონსტანტინეპოლის პატრიარქს, რასაც დასძინა: “დიახ! - ეს ფუნდამენტალური ეკლესიოლოგიური სიმართლეა”. (ჟურნ. “ეკკლესია.” 1, 1993, გვ.14. ათენი) როგორც ვხედავთ, “მართლმადიდებელი” იერარქი კლასიკურ “განშტოებათა თეორიას” ქადაგებს და ბალამანდის შეთანხმების სულისკვეთებას ნერგავს. სამწუხაროდ, იგი გამონაკლისი არ არის, რადგანაც ამ გზას ადგას თანამედროვე იერარქების აბსოლუტური უმრავლესობა. თუკი “განშტოებათა თეორია” მწვალებლობაა, ხოლო ბალამანდისა და შამბეზის დოკუმენტები სარწმუნოების ღალატი, რასაც საპატრიარქოს კომისია თავად აღიარებს, მაშინ ის ეპისკოპოსები, რომელთა “მოღვაწეობა” და ქადაგებანი უკანასკნელ ათწლეულებში ფაქტიურად ეკუმენიზმის (”განშტოებთა თეორიის”) პოპულარიზაცია იყო, მწვალებლები და ჭეშმარიტი სარწმუნოების მოღალატეები ყოფილან, ხოლო მათ იურისდისქციებში მყოფნი კი - მწვალებლობის თანაზიარნი. ამ მოულოდნელი, მაგრამ წრფელი აღიარებით კომისიამ საპატრიარქოს თავადვე გამოუტანა განაჩენი. შეიქმნა მეტად უცნაური, ტრაგიკომიკური სიტუაცია - დაამტკიცეს, რომ საპატრიარქო მწვალებლობაშია, მაგრამ რატომღაც ამით ყველა აღტაცებული და გახარებულია. საქართველოს საპატრიარქოს ქვეშევრდომთა მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას გამართლება მოუძებნონ საპატრიარქოს ამჟამინდელ პარადოქსულ მდგომარეობას: საპატრიარქო გამოვიდა ე.მ.ს.-დან, მაგრამ ინარჩუნებს ევქარისტიულ კავშირს ე.მ.ს.-ის წევრ საყრდებთან. ამგვარი უცნაური მდგომარეობის გამართლების ერთადერთი გზა არსებობს - რადაც არ უნდა დაუჯდეთ დაამტკიცონ, რომ ე.მ.ს.-ის წევრობა არ ნიშნავს მწვალებლობას. საპატრიარქო და მისი აპოლოგეტები მეტად უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი იძულებულნი არიან იმ რელიგიური ორგანიზაციის დამცველნი იყვნენ, რომელიც უახლოეს წარსულში თვითონ მიატოვეს. საპატრიარქო აცხადებს ე.მ.ს.-ის, როგორც ორგანიზაციის იურიდიული წევრობა მწვალებლობა არ არისო. მაგრამ ამა თუ იმ ორგანიზაციის იურიდიული წევრობა, წევრთა შესაბამის უფლება-მოვალეობებს ითვალისწინებს, ეს მოვალეობანი კი განსაზღვრულია ამ ორგანიზაციის წესდებით. 1997 წლის სექტემბერში, ე.მ.ს.-ის ცენტრალური კომიტეტის (რომლის წევრები არიან ე.მ.ს.-ში შემავალი ყველა კონფესიათა წარმომადგენლები) სხდომაზე, მიღებულ იქნა ამ ორგანიზაციის განახლებული წესდება, რომელსაც საპროგრამო დოკუმენტის სტატუსი მიენიჭა. დაინტერესებულ საზოგადოებას ვთავაზობთ ამ ახალი წესდების ფრაგმენტებს. თუკი აღნიშნულ დოკუმენტში საპატრიარქოს ერთგული ქვეშევრდომნი მწვალებლურ, არამართლმადიდებლურ სწავლებასა და შეხედულებებს ვერ აღმოაჩენენ, მაშინ ისინი აშკარა, გამოუსწორებელი მწვალებლების რანგში ავლენ. საპატრიარქოს ქვეშევრდომთა შორის ყველაზე თანმიმდევრული ბასილ კობახიძე აღმოჩნდა. მან ჯერ კიდევ ე.მ.ს.-დან გამოსვლამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო იმის მტკიცება, რომ ე.მ.ს.-ის წევრობა მწვალებლობას არ ნიშნავსო, 1997 წლის 20 მაისის სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ “წინასწარმეტყველურად” განაცხადა “ნეზავისიმაია გაზეტაში”: ჩვენ ჩვენივე გადაწვეტილების მძევლები გავხდითო. მაშინ ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ იმ ლაბირინთიდან, რომელშიც საპატრიარქო იმყოფება, ერთადერთი გამოსავალი იმის მტკიცებაა - ეკუმენიზმი მწვალებლობა არ არისო. თუმცა ეს გზა, მეორეს მხრივ, ყველაზე დამღუპველია, რადგანაც აშკარა მწვალებლობის გამართლებასა და ბოროტების მიმართ შემგუებლობის ქადაგებას ისახავს მიზნად, ხოლო ის ქრისტიანი, ვისაც საკუთარი თვალით უნახავს (ვიდეო ფირზე) ეკუმენისტური თავყრილობები და იქ აღსრულებული რელიგიური რიტუალები და ამის შემდეგ ე.მ.ს.-ს დაუდგება ვექილად ანდა ე.მ.ს.-ის იურიდიულ აქტებსა და დოკუმენტებში მწვალებლურ სწავლებებსა და შეხედულებებს ვერ აღმოაჩენს, შეუძლებელია კიდევ ქრისტიანად იწოდებოდეს. ახლა კი გავეცნოთ ე.მ.ს.-ის ახალ წესდებას, რომლის პრეზენტაციაც ჩატარდა მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის საღვთისმეტყველო კომისიის სხდომაზე თავად ე.მ.ს.-ის გენერალური მდივნის კ. რაიზერის თანდასწრებით. ამ დოკუმენტში თავიდანვე განსაზღვრულია ე.მ.ს.-ის სახელდების საკითხი და ნათქვამია, რომ ე.მ.ს. არის “ეკლესიათა ძმობა”. ეს ტერმინი მართლმადიდებელთათვის ყოვლად მიუღებელი ეკლესიოლოგიური ერესია. თავი I, მუხლი 2. “ე.მ.ს.-ის მეშვეობით ეკლესიები ვთანამშრომლობდით, ვაღიარებდით ერთად და თაყვანს ვცემდით ერთად”. საინტერესოა რას აღიარებენ და ვის ან რას სცემენ თაყვანს “მართლმადიდებლები” პროტესტანტებთან, მონოფიზიტებთან და სხვა მწვალებლებთან ერთად? მუხლი 10. “ჩვენი ძმობა დაგვეხმარა ამ ხილული ერთობის უკეთ გაგებასა და განჭვრეტაში. ჩვენს ლოცვით ერთობას (პილგრიმაგე) მივყავართ ერთმანეთის ურთიერთ აღიარებისაკენ და იმ საერთო მოწმობისაკენ, რომ ჩვენ ყველანი ვართ წევრები უნივერსალური ეკლესიისა (Church Universal). რომელი “ხილული ერთობის” ჭვრეტას აქვს ადგილი, ანდა რომელი “უნივერსალური ეკლესიის” წევრობაზეა საუბარი? შემდგომ ჩამოთვლილ მუხლებს, ვფიქრობთ, კომენტარიც აღარ სჭირდება. მუხლი 13. “წევრ ეკლესიებს სწამთ, რომ ეკლესიების დიალოგი, თანამშრომლობა და ერთობლივი მოწმობა უნდა დაეფუძნოს იმ საერთო აღიარებას, რომ ქრისტე არის ღვთაებრივი თავი ამ სხეულისა (Divine Head of the Body - ცხადია, რომ აქ თვით ე.მ.ს.-ი იგულისხმება)” “წევრი ეკლესიები აღიარებენ, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრობა უფრო ყოვლის მომცველია, ვიდრე თითოეული ეკლესიისა წევრობა”. “წევრი ეკლესიები სხვა ეკლესიებშიც აღიარებენ ჭეშმარიტი ეკლესიის ნიშნებს”. “წევრი ეკლესიები შედიან ერთმანეთთან სულიერ კავშირში, რითაც ისწრაფვიან შეისწავლონ ერთმანეთი, დაეხმარონ ერთმანეთს და განმტკიცდნენ რწმენაში, რომ ქრისტეს სხეული შეიძლება მომავალში იქნას აგებული და რომ ეკლესიათა ცხოვრება შესაძლოა განახლდეს”. თავი II, მუხლი 7. “ჩვენი ერთობა არის ნიჭი, რამეთუ ჩვენ ერთობლივად ვმონაწილეობთ მამისა და ძისა და სული წმიდის ცხოვრებაში, რითაც მოწოდებული ვართ შევქმნათ ეკლესიათა ხილული ერთობა ღვთის სადიდებლად”. “უნივერსალური ეკლესიის ერთობა გამოიცდება ადგილობრივ ეკლესიაში და ადგილობრივ ეკლესიათა შორის ურთიერთკავშირებით. არა ერთფეროვნება, არამედ ერთობა მრავალფეროვნების სიმდიდრისა!” თავი III, მუხლი 3. დოგმატური ბაზისი. “ე.მ.ს.-ი არის ეკლესიათა ძმობა, რომელიც უფალ იესო ქრისტეს აღიარებს, როგორც ღმერთსა და მაცხოვარს, საღმრთო წერილის მიხედვით”. (მიზნები და ფუნქციები) “ე.მ.ს. შეიქმნა ეკლესიათა მიერ, რათა ემსახუროს ერთ ეკუმენურ მოძრაობას... ამ ეკლესიათა ძმობის უპირველესი მიზანი არის მათი ხილული გაერთიანება რწმენასა და ევქარისტიულ ძმობაში, რომელიც გამოიხატება საერთო ღვთისმსახურებასა და თანაარსებობაში...” თავი VII, მუხლი 3. “მოვუწოდებთ ქრისტიანულ ეკლესიებს, რათა ერთად იდღესასწაულონ ეკლესიის ერთობა, როგორც ღმრთაებრივი ნიჭი. ეს არის ჩვენი უმნიშველოვანესი მიზანი... ამისთვის საჭიროა უფრო ქმედითი გავხადოთ ჩვენი კავშირები იმ დღისათვის, როცა ეკუმენური საბჭო - იესო ქრისტეს სრულყოფილი ეკლესია - დაიკავებს ძველი განუყოფელი ეკლესიის ადგილს! ასეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს უმაღლეს დონეზე ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში... და განმეორდეს შემდგომ თაობებშიც, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული”. პატრიარქი ილია II კი ჯიუტად აცხადებს: “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ყოფნა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის არ ნიშნავს მწვალებლობას, რადგან ეს არის შეხვედრების, აზრთა გაცვლისა და დიალოგის ადგილი” (გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, 17 ივლისი, 1997 წ.). მივყვეთ თესალონიკის ცრუ დაპირებათა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. 1998 წლის 21 ივლისს ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) ჩატარდა გრანდიოზული ეკუმენისტური რიტუალი. აქ წარმოდგენილი იყვნენ თითქმის ყველა აღმსარებლობის მიმდევრები მთელი მსოფლიოდან. ერთობლივი ლოცვა “მისტიკური” ფეიერვერკების თანხლებით მიმდინარეობდა: ჩაბნელებულ ტაძარში მლოცველთა თავზე გამოჩნდა ღრუბელი, რომელიც თანდათან განათდა, შეკრებილთ მიესალმა კარდინალი ედუარდ კესიდი, რომელმაც ღრმა მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ ადგილობრივ ეკლესიათა თეოლოგიური პრაქტიკა ჯერ კიდევ ხელს უშლის ქრისტიანთა საყოველთაო გაერთიანების კონცეფციის რეალიზაციას და კატეგორიულად განაცხადა: “ყველა ეკლესიათა თეოლოგიური პრაქტიკა შეთანხმებული უნდა იყოს უნივერსალური ეკლესიის თეოლოგიურ პრაქტიკასთან”. ამის შემდეგ დაიწყო ეკუმენისტური მსახურება: კონგოს არქიეპისკოპოსმა პატრის ნჯოჯომ (ვატიკანი) შეასრულა “მადლობის ლიტანია”, ქალმა ეპისკოპოსმა ტანზანიიდან წაიკითხა სამოციქულო. სახარება ძველბერძნულ ენაზე “მართლმადიდებელმა” წაიკითხა, რის შემდეგაც იქადაგა ანგლიკანმა ეპისკოპოსმა პოლინეზიიდან. პერგამოს მიტროპოლიტმა იოანემ (კონსტანტინეპოლის საპატრიარქო) დარბაზის თანხლებით წაიკითხა მრწამსი, ამას მოჰყვა ეპისკოპალთა წარმომადგენლის მიერ შესრულებული ე.წ. “შუამდგომლობის ლიტანია”. დასასრულს, ანგლიკანთა მთავარ-ეპისკოპოსმა მადლობა მოუხადა სტუმრებს. “მართლმადიდებელი” ეკუმენისტები წარმოდგენილნი იყვნენ კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, მოსკოვის, რუმინეთის, კვიპროსის საპატრიარქოთა დელეგაციებით. ისინი დაესწრნენ ანგლიკანთა “ლიტურგიას”, რომელიც მართლმადიდებლური გალობის, სამეჯლისო ცეკვების და აფრიკელი და ამერიკელი შამანების კივილის თანხლებით მიმდინარეობდა. (ACNS, Laberth, 21.07.1998) იმავე წლის 31 ივლისიდან - 8 აგვისტომდე შვედეთის ქალაქ სიგტუნაში ჩატარდა შეხვედრა - დიალოგი “მართლმადიდებლებსა” და ლუთერანებს შორის. ამ შეხვედრის საბოლოო დოკუმენტში ვკითხულობთ: “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის ძირითად საკითხებში არსებობს ტერმინოლოგიური განსხვავებანი, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ქრისტეში ხსნის სუბსტანციური ასპექტების ერთობლივი განხილვა. მართლმადიდებელთა და ლუთერანთა მიზანია სრული ეკლესიური ერთობა, როგორც სრული ურთიერთაღიარება”. ამ შეხვედრას სხვა საპატრიარქოთა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ჭყონდიდის ეპისკოპოსი გიორგი საქართველოს საპატრიარქოდან. (Lutheran World Information,. 8.08.1998) 17-22 ივნისს ბუქარესტში (რუმინეთი) გაიმართა მართლმადიდებლურ-ანგლიკანური თეოლოგიური დიალოგის კომისიის სესია. ანგლიკანთა ეპისკოპოსები დაესწრნენ ლიტურგიას, რომელიც რუმინეთის პატრიარქმა თეოქტისტემ აღასრულა. (Orthodox WorldNews, 22.06.1998). თუმცა, რუმინეთის საპატრიარქოსაგან გასაკვირი არაფერია, მას შემდეგ, რაც მისმა დელეგაციამ 1997 წლის ივნისში სან-ფრანცისკოში ჩატარებულ “გაერთიანებული რელიგიების ორგანიზაციის” (“გაერო”-ს რელიგიური ანალოგი) კონფერენციაში და იქ გამართულ რიტუალებში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია გაიხსნა იმით, რომ დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენლები გაატარეს შამანურ “გამწმენდელ” კვამლში, შემდეგ შესრულდა საერთო ლოცვა ყველა “ღმერთებისადმი”, მათ შორის სატანისადმი. როდესაც სცენაზე სატანისტთა წარმომადგენელი ავიდა, დარბაზმა იგრიალა: “დაე, ადამიანებმა, რომლებიც სატანას, გრძნეულებსა და ჯადოქრებს სცემენ თაყვანს, იცხოვრონ მშვიდობით!” ყოველივ ამას კი მშვიდად ესწრებოდნენ “მართლმადიდებლები”. თუმცა, ეკუმენისტები ალბათ ამასაც მოუძებნიან “ახსნას”. 1998 წლის 7-13 მაისს დამასკოში (სირია) ჩატარდა მართლმადიდებელთა და ე. წ. აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა (მონოფიზიტთა) წინა ასსამბლეა (პრე-ასსამბლეა), რომელიც მიეძღვნა ამ ორი აღმსარებლობის ეკლესიათა მონაწილეობას ე. მ. ს-ს მერვე მსოფლიო ასსამბლეაზე. ჩვენ ხელთ გვაქვს, ამ შეხვედრის ანგარიში, რომელიც კიდევ ერთხელ მეტყველებს ჭეშმარიტებისაგან იმ საყოველთაო განდგომილებაზე, რასაც ადგილი აქვს ე. წ. მსოფლიო (ეკუმენურ) მართლმადიდებლობაში. შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციები კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუსეთის, რუმინეთის, კვიპროსის, პოლონეთის, ჩეხეთის, ამერიკის ავტოკეფალური საყდრებიდან. მათი უმრავლესობა დამასკოში პირდაპირ თესალონიკიდან, “ყოველთა მართლმადიდებელთა” შეხვედრიდან, გაემგზავრა. მონოფიზიტები წარმოდგენილნი იყვნენ ფართო სპექტრითა და მაღალი წოდებებით (მაგ., სირიელ იაკობიტთა პატრიარქი ეგნატიუს ზაკკა, კილიკიის კათოლიკოსი არამი და სხვა). გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიშიდან. “შეხვედრის დროს ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, განგვეცადა ის ძმობა და საერთო საეკლესიო მსახურება, რომელიც გაზიარებულია პატრიარქ ეგნატიუს ზაკკასა (სირიის მონოფიზიტთა ეკლესია) და პატრიარქ ეგნატე მეოთხეს (ანტიოქიის საპატრიარქო) შორის”. “ჩვენ მოწმენი ვართ მძაფრი სურვილისა, აღსდგეს სრული ერთობა ორ მართლმადიდებლურ ოჯახს შორის და უზრუნველყოფილი იყოს ერთობლივი მოწმობა (აღიარება) მსოფლიოს ამ რეგიონში”. “ჩვენი მსჯელობები მიმდინარეობდა ქრისტიანული სიყვარულის, ძმობის და ურთიერთგაგების სულისკვეთებით. ეს მსჯელობანი წარიმართებოდა სული წმიდის მიერ. ჩვენ ყოველდღიურ ლოცვებში განვიცადეთ მდიდარი ლიტურგიკული ტრადიციები ჩვენი ეკლესიებისა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, მონაწილეობა მიგვეღო საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც წმ. ეფრემის სემინარიის წმ. ჯვრის (იაკობიტთა) ეკლესიაში ჩატარდა”. “ჩვენ გაერთიანებულნი ვართ აღდგომილ ქრისტეში, რომელიც ჩვენ შორის იმყოფება და მოგვიწოდებს, რათა გავერთიანდეთ ერთობისათვის მსახურებაში”. “როგორც წევრებმა (ნაწილებმა) ქრისტეს სხეულისა, ჩვენ პიროვნულ და სამრევლო დონეზე უნდა გამოვხატოთ (შევასრულოთ) ეს თავგანწირული და მაცხოვნებელი მისია სრული სიყვარულით, თავმდაბლობით, სინანულით, უპირველეს ყოვლისა კი, მტკიცე რწმენით ღმერთის წმიდა სულისა, რომელიც ყოველივეს აღავსებს და რომელიც მომავალ არს”. “სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლებიც შემოთავაზებულ იყო ზოგიერთ ეკლესიათა მიერ (მოსკოვის საპატრიარქო), მიზნად აქვს, ხელი შეუწყოს ე. მ. ს-სა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ყველა ეკლეზიოლოგიური პრობლემის გადაჭრას, რათა მიღწეულ იქნეს უფრო სრული თანაწევრობა ე. მ. ს-ში”. (ENI) როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, თესალონიკში დადებულ პირობას - მწვალებლებთან ერთად აღარ ვილოცებთო - მხოლოდ ოთხი დღის სიცოცხლე ეწერა, უფრო მეტიც, “მართლმადიდებელმა” ეკუმენისტებმა ერთობლივი ლიტურგიაც კი ჩაატარეს მონოფიზიტებთან, თანაც მათივე ტაძარში. ნეტავ რას იტყოდნენ მეოთხე მსოფლიო კრების წმიდა მამები თანამედროვე იერარქთა კრედოზე: “მართლმადიდებლები და მონოფიზიტები აღდგომილ ქრისტეში ვართ გაერთიანებულნი და სული წმიდის მიერ წარვიმართებითო”. დამასკოს პრე-ასსამბლეაზე მართლმადიდებელმა ეკუმენისტებმა კიდევ ერთხელ იქადაგეს ეკლეზიოლოგიური ერესი: “მართლმადიდებლები და მონოფიზიტები ქრისტეს სხეულის ნაწილები ვართო”. მოულოდნელად გაიჟღერა სწავლებამ “სული წმიდის ახალი გარდამოსვლის” შესახებ. სახეზეა თანამედროვე ქარიზმატული მწვალებლობა, რომელსაც ეგზისტენციალისტები ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ქადაგებდნენ. და ბოლოს, “მართლმადიდებელი” ეკუმენისტები მონოფიზიტ თანამოაზრეებთან ერთად ნათლად წარმოაჩენენ ე. მ. ს-ის მოსალოდნელი სტრუქტურული მოდერნიზაციის ნამდვილ მიზანს: “ეკლეზიოლოგიური პრობლემების გადაჭრით (?) მიღწეულ იქნეს უფრო სრული თანაწევრობა ე. მ. ს-ში” ანუ ათასგვარ მწვალებლურ მიმდინარეობათა მუდმივმოქმედ კრებაში. 1998 წლის 3-14 დეკემბერს ჰარარეში (ზიმბაბვე) ჩატარდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს VIII ასსამბლეა. ასსამბლეის საზეიმო გახსნის ლოცვითი ცერემონია ჩატარდა 3 დეკემბერს ჰარარეს უნივერსიტეტის სტუდქალაქში აღმართულ გიგანტურ კარავში (“სკინიაში”). რიტუალი შედგებოდა აფრიკული სიმღერებისა და ცეკვების, ერთობლივი ლოცვებისა და გალობების, აგრეთვე “მამაო ჩვენოს” ერთობლივი კითხვისაგან სხვადასხვა ენაზე. “მართლმადიდებელ” დელეგატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მონაწილეობა მიიღო ამ რიტუალში, ხოლო მსახურების ზოგიერთი ნაწილი “მართლმადიდებელ” იერარქთა ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. “მრავალრიცხოვან მონაწილეთა შორის თანაბრად განაწილებული “მართლმადიდებული” მლოცველნი ადვილად შესამჩნევნი იყვნენ თავიანთი გამორჩეული შესამოსლის მიხედვით” - აღნიშნავს თვითმხილველი ჟურნალისტი. სულ ე.მ.ს-ის 332 წევრი - ეკლესიიდან ასსამბლეაზე წარმოდგენილი იყო 960 დელეგატი. ყველაზე მეტი დრო დაეთმო “სოდომელთა” საკითხს - 12 სემინარი (!) (ENI 14/XII-98). ასსამბლეა გაიხსნა 3 დეკემბერს საერთო ეკუმენისტური მსახურებით. ამ რიტუალის ტიპიკონი წააგავდა დამახინჯებულ მართლმადიდებლურ ლიტურგიას, ევქარისტიული კანონის გარეშე. მაგალითად, მსახურება დაიწყო ფსალმუნთა გალობით, შემდეგ “წმიდაო ღმერთო” მოსკოვური მოტივისა, სამოციქულოს კითხვა, რომელიც დასრულდა კიევური მოტივის ალილუიათი. სახარება, მრწამსი და “მამო ჩვენო”. მსახურება დასრულდა განტევებით: “მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.” იმავდროულად მსახურება მიმდინარეობდა დოლების ბრახუნის, აფრიკული საყვირისა და როკ-მუსიკის თანხლებით. “წმიდაო ღმერთოს” წინ ყველა მონაწილემ ერთხმად წაიკითხა სინანულის ლოცვა “ეკლესიათა განყოფის ცოდვის” გამო. ამ ეკუმენისტურ აღსარებაში ნათქვამი იყო: “ღმერთო შენ ერთმანეთის მეზობლად დაგვასახლე, ჩვენ კი განმყოფი კედლები ავაშენეთ ჩვენ შორის, თითქოს ყველანი აღარ ვიყოთ შენი შვილები”. ამ აღსარების შემდეგ შეკრებილნი მდუმარებაში ჩაიძირნენ. საინტერესოა, რომ ამ აღსარებაში არ იყო ნახსენები არანაირი ცოდვა, გარდა “განყოფის ცოდვისა” და მავანთა არ მონაწილეობის სურვილისა ამ საიუბილეო ასსამბლეაში. აქედან ჩანს, რომ ეკუმენისტებისთვის ყველაზე დიდი ცოდვა ინტერნაციონალური, უნივერსალური ეკლესიის განყოფის ცოდვაა, ანუ “ცოდვა” არმონაწილეობისა ეკუმენურ ფორუმებში. ყველა რიტუალი, ლოცვა და საკითხავი ეკუმენისტური მსახურებისა სიმბოლური და მისტიური დატვირთვის მატარებელი იყო. ამ მხრივ საინტერესოა სამოციქულოს შინაარსი, რომელმაც ასსამბლეაზე გაიჟღერა. ეს იყო ფრაგმენტი პავლე მოციქულის ეპისტოლედან კოლასელთა მიმართ. სიტყვების შემდეგ, რომ მაცხოვარი “არს თავი გუამისა მის ეკლესიისა”, კულმინაციურად გაისმა შემდეგი სიტყვები: “და თქუენ, ოდესმე იყუენით უცხო-ქმნილ და მტერ, გონებითა თქუენითა საქმეთა მას შინა ბოროტთა, აწ დამიგნა (შეგარიგათ) გუამითა მით ხორცთა მისთასა” (კოლ. 1; 21-22). ეს სიტყვები შეუძლებელია სხვაგვარად განიმარტოს, გარდა იმის დეკლარირებისა, რომ ხდება შერიგება ერთიანი ეკუმენისტური ეკლესიის “გვამში” (სხეულში), “უცხო-ქმნილი” კონფესიებისა, რომლებიც ამდენი ხანი ერთმანეთის “მტერ” იყვნენ. ამგვარი ეკუმენისტური აღმსარებლობის შემდეგ გაისმა კიევური მოტივის ალილუია, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში იგალობება. სარწმუნოების სიმბოლოს, “მრწამსის” ერთობლივი კითხვის შემდეგ, დელეგატებმა წარმოსთქვეს ორი ლოცვა, რომლებიც ეკუმენისტური მოძრაობის წარმატებულობასა და ეკლესიათა უსწრაფეს გაერთიანებას მიეძღვნა. ეს ლოცვები ჩასმული იყო “მრწამსსა” და “მამაო ჩვენოს” შორის, იმ ადგილას, სადაც მართლმადიდებლურ ლიტურგიაში სული წმიდის მოწვევის ლოცვები იკითხება. ამ მსახურებაში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის გარდა ყველა “მართლმადიდებელმა” დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მსახურების ზოგიერთ ნაწილს “მართლმადიდებელი” იერარქიები უძღვებოდნენ. განსაკუთრებული ეკუმენისტური აზრით იყო აღსავსე ასსამბლეაზე მოგვიანებით ჩატარებული კონფესიათაშორისი მსახურება. ამ მსახურების ცენტრალურ აქტად იქცა ჯვრების ურთიერთგაცვლის ცერემონია. ეს იყო ეკუმენისტური მოძრაობისადმი ერთგულების ფიცი, სრულიად ერეტიკული განცხადებებითა და ვალდებულებებით. მაგალითად: “ჩვენი სურვილია ხილული ერთობა ქრისტეს სხეულისა”; “ჩვენ ვადასტურებთ, რომ ის რაც გვაერთიანებს, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ის რაც განგვყოფს”. საინტერესოა, რომ უკანასკნელი განცხადება არ არის ახალი მაღალჩინოსანი “მართლმადიდებელი” ეკუმენისტებისთვის: 1997 წლის 9 ნოემბერს ზუსტად იგივე სიტყვები წარმოთქვა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა თავის მოხსენებაში, რომელიც ჩიკაგოში წაიკითხა ინდუისტების, ბუდისტების, იუდეველების, მუსულმანების და სხვა რელიგიათა თუ აღმსარებლობათა წარმომადგენელთა წინაშე. ჰარარეში კი თვითეული ამდაგვარი განცხადების შემდეგ მონაწილენი (მათ შორის “მართლმადიდებლები”) ერთხმად იძახდნენ - “ამინ” და ჯვრებს უცვლიდნენ ერთმანეთს. სენსაციური იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლის პროტოპრესვიტერ გიორგი ცეცისის მოხსენება მართლმადიდებელთა და ევანგელისტთა ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. მისი თქმით, მიუხედავად განსხვავებებისა, შესაძლებელია საერთო პოზიციების მოძებნა მრავალ საკითხში. ხოლო ორი ეკლესიის მჭიდრო მეგობრობა, ანუ “მართლმადიდებელთა და ევანგელისტთა სასიყვარულო ისტორია” (ცეცისის ორიგინალური გამოთქმა), რომელიც 80-იან წლებში დაიწყო, მიზნად ისახავს ქრისტიანული ერთობის მიღწევას. ასსამბლეის მუშაობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სოდომელთა საკითხს. ერთ-ერთ სემინარზე (ამ თემას 12 სემინარი მიეძღვნა) ანგლიკანმა სოდომელმა მღვდელმა დუგლას ტორმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ე.მ.ს. აშკარად არასაკმარისი რაოდენობის პუბლიკაციებისთვის “ჰომოსექსუალიზმის თეოლოგიის” სფეროში. ასსამბლეაზე აშკარად იგრძნობოდა სოდომელთა აქტიურობა. ფორუმში მონაწილეობას ღებულობდა “ჰომოსექსუალისტთა და ლესბიანთა უფლებების დაცვის საერთშორისო კომისია”, “ლესბიანთა და ჰომოსექსუალისტთა ეკლესიათა ევროპული ფორუმი”, “ქრისტიან ჰომოსექსუალისტთა მოძრაობა” და სხვა მსგავსი ორგანიზაციები, აგრეთვე სოდომელთა “სპეციალიზირებული” ეკლესიები, როგორიცაა: “Mეტროპოლიტან ჩომმუნიტყ ჩჰურცჰ”. საინფორმაციო სააგენტოებმა სოდომელთა გამოსვლებს უფრო დიდი ყურადღება დაუთმეს ვიდრე მთლიანად ეკუმენისტურ საპატრიარქოთა წარმომადგენელთა გამოსვლებს ერთად. “მართლმადიდებელ” დელეგატებს ასსამბლეაზე არ გამოუთქვამთ თავიანთი აზრი და დამოკიდებულება ამ ცოდვის მიმართ, რომელთა მოქმედნი პავლე მოციქულის სიტყვით, “ღირს არიან სიკუდილისა” (რომ. 1,32). რამაც ე.მ.ს-ს გენერალურ მდივანს კ. რაიზერს საშუალება მისცა ეთქვა: “თავისუფალი სექსუალური ორიენტაცია მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ზოგიერთ წევრს მიაჩნია ცოდვად, და არა თავად ამ ეკლესიას”. დელეგატები გაეცნენ ქ. დამასკოში 1998 წლის მაისში ჩატარებულ “მართლმადიდებლურ-მონოფიზიტურ” თათბირის მიერ მიღებულ დოკუმენტს, სადაც წერია: “სოდომიისა და აბორტების საკითხი არ უნდა იქცეს ქრისტიანთა გაერთიანების დაბრკოლებად”. ზიმბაბვეს ეკლესიათა გენერალურმა მდივანმა გამოთქვა აზრი, რომ სპიდთან ბრძოლისათვის უმჯობესია მამაკაცს ჰყავდეს რამდენიმე ცოლი, ვიდრე ეწეოდეს არაკანონიერ სექსუალურ ცხოვრებას. პოლიგამიის (მრავალცოლიანობა) გამართლების მიზნით დენსენ მაფინუანმა ეჭვქვეშ დააყენა პოლიგამიის მოწინააღდეგეთა ოჯახური პატიოსნების საკითხი. საბოლოოდ მრავალცოლიანობის მომხრეთა დაწოლით ე.მ.ს-ი იძულებული გახდა თავის რიგებში მიეღო “ქრისტეს ზეციური ეკლესია”(!), რომელიც თავის რიგებში ექვს მილიონამდე წევრს ითვლის აფრიკის, ევროპის, ჩრდ. ამერიკის ქვეყნებში და ეწევა პოლიგამიის პროპაგანდას. ასე რომ, “მართლმადიდებელი” ეკუმენისტები არამარტო სოდომელებთან, არამედ უკვე მრავალცოლიანებთანაც ერთი ორგანიზაციის წევრები არიან. ადგილობრივი ეკლესიების სახელით, აფრიკული წარმართობის დასაცავად ზიმბაბვეს ეკლესიათა საბჭოს მდივანი გამოვიდა. მან გამოთქვა აზრი, რომ დამოკიდებულება აფრიკული წარმართობისადმი, როგორც ცთომილებისადმი, დიდი შეცდომაა და დაამატა: “ჩვენ არ გვსურს, რომ ქრისტიანული რწმენა შეზღუდული იყოს ევროპაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპებით. ამგვარი თეოლოგია ჩვენთვის მეტად ვიწროა, რათა გავიაზროთ ღმერთის მოქმედება აფრიკელთა ცხოვრებაში, მანამდე სანამ ჩვენთან ევროპელი მისიონერები გამოჩნდებოდნენ, რომელთაც უარყვეს ჩვენი უძველესი რელიგიური ტრადიციები. მოუწოდებთ ე.მ.ს-ს უფრო დიდი ადგილი დაუთმოს წარმართულ რელიგიებს, რათა ჩვენი სარწმუნოება კიდევ უფრო გამდიდრდეს” (!). მოულოდნელად ე.მ.ს.-ის ცენტრალურ კომიტეტში შევიდნენ იერუსალიმისა და სერბეთის საპატრიარქოთა წარმომადგენლები. ნიშანდობლივი იყო კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლის მიტროპოლიტ ათანასე პაპასის განცხადება “მართლმადიდებელთა” პირველივე შეხვედრისას: “თესალონიკი სადღაც უკან დარჩა, ე.მ.ს-მა ახალი ნაბიჯები გადადგა, ასე, რომ არანაირი აუცილებლობა არ არის იმისა, რომ სიტყვა-სიტყვით მივყვეთ თესალონიკის გადაწყვეტილებებს. მართლმადიდებლებმა სრული მონაწილეობა უნდა მივიღოთ როგორც კენჭისყრაში, ასევე ერთობლივ ლოცვებში”. მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის მეთაურმა მღვდ.-მონაზონმა ილარიონ ალფეევმა კი დაამშვიდა ეკუმენისტები: “მე ვივლი ჟენევაში და დავესწრები ე.მ.ს-ს ცენტრალური კომიტეტის აღმასკომის სხდომებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მივიღებ მონაწილეობას კენჭისყრებში” (Вдъ-Информ 1, 1999). 13 დეკემბერს ე.მ.ს.-ის VIII ასსამბლეაზე განმეორებით ჩატარდა ერთობლივი ეკუმენისტური “ღვთისმსახურება”, რომელიც მიეძღვნა ასსამბლეის დასრულებას. წინასწარი პროგნოზი, რომ ოფიციალური მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგატები ბოიკოტირებას მოუწყობდნენ ამდაგვარ მსახურებებს და არ მიიღებდნენ ერთობლივ ლოცვებში მონაწილეობას, არ გამართლდა. თვით მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომლებიც თითქოს ყველაზე კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი ე.მ.ს-სადმი, მონაწილეობდნენ 13 დეკემბრის ეკუმენისტურ რიტუალში. ე.მ.ს.-ის საინფორმაციო სამსახურის ENI-ის წარმომადგენლის კითხვაზე - ყველა ოფიციალურმა მართლმადიდებელმა დილეგატებმა მიიღეს თუ არა მონაწილეობა საერთო “ღვთისმსახურებაში”. მოსკოვის საპატრიარქოს დელეგატმა უპასუხა - “რამდენადაც მე ვიცი, ყველამ”. ყველაზე საუკეთესო დამადასტურებელი იმისა, რომ არც მოსკოვის საპატრიარქოს და არც სხვა ოფიციალურ ეკლესიებს არა აქვთ სერიოზული აზრი ე.მ.ს.-თან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, არის ის, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ მკრეხელურ, წინა წლებში (მაგ. კანბერა 1991 წ. მილანი 1994 წ.) უკვე კარგად ჩამოყალიბებულ ეკუმენისტურ “ღვთისმსახურებაში”, რომელიც შედგა 13 დეკემბერს ჰარარეში. მოგვყავს ამ “ღვთისმსახურების” სრული ტექსტი: ეკუმენისტური “ღვთისმსახურების” ტიპიკონი, რომელიც ჩატარდა 1998 წ. 13 დეკემბერს ჰარარეში (ზიმბაბვე) ნაწილი I: “მოწოდება ერთობისაკენ” ისმის ბარაბნების ხმა და ზარების რეკვა. ასამაღლებელი: “იესო ქრისტე, რომელიც მოვგიწოდებს გავერთიანდეთ ჩვენთან არს! არს და იყოს!” მღერიან ეკუმენურ ჰიმნს: “ეკლესიათა საერთო საფუძველი”. იკითხება პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ (1:17-20). შეძახილი: “დელეგატები ახლო და შუა აღმოსავლეთიდან, ფეხზე წამოდექით. ჰიმნი: “წმიდაო ღმერთო”. პასუხი: “ჩვენ ახლო და შუა აღმოსავლეთის დელეგატები მადლობას გიძღვნით, რადგან სამპიროვანმა ღმერთმა მოუწოდა ჩვენ ეკლესიებს ერთობისაკენ სარწმუნოებაში, ცხოვრებაში, დამოწმებაში და მსახურებაში”. მეორდება იგივე მოწოდება და იგივე პასუხი ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, კარიბის ზღვის, ლათინური ამერიკის, აფრიკის დელეგაციათა მიმართ. ყოველი მოწოდების შემდეგ იგალობება სხვადასხვა ჰიმნები. ბოლოს ყველანი ერთად ამბობენ: “ჩვენ ვდღესასწაულობთ ე.მ.ს.-ის 50 წლისთავს, რომელიც არის “ეკლესიათა ძმობა, აღიარებს უფალ იესო ქრისტეს როგორც ღმერთსა და მაცხოვარს საღმრთო წერილის მიხედვით და ამიტომ მიისწრაფის ერთი ღმერთის, მამის, ძის და სული წმიდის ერთობლივი დიდების მიღწევის განხორციელებისაკენ. 50 წელია ჩვენ ერთად მოვდივართ, ჩვენ მადლობას ვიხდით ამ მოგზაურობისათვის”. პასუხი: “ალილუია”. ნაწილი II: “ხედვა ეკლესიისა” იკითხება სამოციქულო: “ერთ-ხორც და ერთ-სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა სასოებითა ჩინებისა თქუენისათა, ერთ-არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ-არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს, და ყოველთა მიერ, და ჩუენ ყოველთა შორის” (ეფეს. 4:4-6). ჩვენ მოწოდებულნი ვართ გვქონდეს ხედვა ეკლესისა, რომელიც ყველა ადამიანს ღმერთთან და ერთმანეთთან ერთობისაკენ მიიყვანს, ერთი ნათლისღების, ერთი წმიდა ევქარისტიის და ურთიერთ აღიარებული მღვდლობის აღიარებით. მდუმარების მომენტი. გონგის დარტყმა. შეძახილი: “ეს ჩვენი ნიჭი, ჩვენი მოწოდებაა”! პასუხი: “უფალო გაგვაერთიანე ჩვენ”! იკითხება სამოციქულო: “აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავსაკიდურთა მისთა არს თვით ქრისტე იესო, რომლითა ყოველი შენებულ, შენაწევრებულ ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ” (ეფეს. 2; 20-21). ჩვენ მოწოდებულნი ვართ გვქონდეს ხედვა ეკლესიისა, რომელიც წარმოაჩენს ჩვენი საერთო სამოციქულო აღმსარებლობის რწმენას, ცხოვრებაში, ძმობაში, ერთობლივ მოქმედებაში ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობის გრძნობით. მდუმარების მომენტი. გონგის დარტყმა. შეძახილი: “ეს ჩვენი ნიჭი, ჩვენი მოწოდებაა”! პასუხი: “უფალო გაგვაერთიანე ჩვენ”! იკითხება პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ (ებრ. 13:1-3). ჩვენ მოვითხოვთ ხედვას ეკლესიისა, რომელიც განმსჭვალულია ზრუნვით თვითოეული ჩვენგანისადმი და მოწმობს ხარებას ღვთის მიერ ჩვენი გამოხსნისა. ყოველივე ეს იქნება ნიშანი მსოფლიოსადმი ჩვენი მსახურებისა. მდუმარების მომენტი. გონგის დარტყმა. შეძახილი: “ეს ჩვენი ნიჭი, ჩვენი მოწოდებაა”! პასუხი: “ჭეშმარიტად”! იკითხება პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ (გალ. 2:27-28). ჩვენ მოვითხოვთ ხედვას ეკლესიისა, სადაც ერი ღვთისა მიდის ერთად, წინაღუდგება ყოველგვარ განყოფას ერებისა და კულტურებისა, იბრძვის კანონიერების აღდგენისათვის მსოფლიოში, ხელს უწყობს ქმნილების ერთობას. მდუმარების მომენტი. გონგის დარტყმა. - ეს ჩვენი ნიჭი, ჩვენი მოწოდებაა! ჰიმნი: “ჩანტო დე ესპარანზა”. ნაწილი III: “გზა” კვლავაც ვადასტურებთ, რომ ჩვენი ამოცანაა - გაერთიანება, ახლა ამ წუთას. ხედვა, რომლისკენაც მოწოდებულია ერი ღვთისა, ასეთია: “ჩვენ ვმოგზაურობთ ერთად, როგორც ადამიანები განთავისუფლებულნი ღვთისაგან”. - “მშვიდობა ღვთისა თქვენთანა იყავნ მარადის”. ჩვენ ვმოგზაურობთ ერთად, როგორც მლოცველნი. უწესრიგობისა და ჭეშმარიტების დაკარგვის პირობებში, ჩვენ გვესმის, რომ ღვთის მიზანი არის ის, რომ ყველა მივიდეს მის სასუფეველში. - ვილოცოთ, რათა უფალმა დაგვიფაროს! პასუხი: “ორან ეთრა”. ყველანი ერთად ლოცულობენ: “მამაო ჩვენო”. - ძმანო და დანო, რადგანაც ჩვენ მივადექით ახალ ათასწლეულს, ჩვენი სარწმუნოება არის ის, რომ ღვთისაგან მოწოდებულნი ვართ ერთად ვიაროთ მისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენს ეჭვებში და მწუხარებებში, ვაგრძელებთ აღდგომილი ქრისტეს ბრწყინვალების ძებნას. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიყოთ ერთნი. ჩვენ ერთად ვმოგზაურობთ ეკუმენურ მოძრაობაში. ჰიმნი: “გაგვიძეხი წინ, ჩვენო მხსნელო”. ნაწილი IV: “ეკუმენური მოძრაობის ხედვა” ჩვენი ხედვა ეკუმენური მოძრაობისა ასეთია: ჩვენ დავიღალეთ ქრისტეს სხეულში ხილული ერთობის მიღწევის მოლოდინში, რომელიც განამტკიცებს სხვადასხვა ნიჭებით ყველა მოხუცებს და ახალგაზრდებს, ქალებსა და კაცებს, სამღვდელოებასა და მრევლს. პასუხი: “ამინ” (ეკლესიათა ლიდერები ერთმანეთს უცვლიან ჯვრებს) - ჩვენ ველოდებით კაცობრიობის განკურნებას. - ჩვენ გვწამს უთრიერთპატიების ძალისა, რომელიც მტრებს მეგობრებად აქცევს და გაწყვიტავს ძალადობის ბორკილებს. პასუხი: “ამინ”! (ეკლესიათა ლიდერები კვლავ უცვლიან ერთმანეთს ჯვრებს) - ჩვენ აღმოვაჩინეთ დიალოგისა და სოლიდარობის კულტურა. ჩვენ ვეძიებთ თანაცხოვრებას უცხოებთან, ვეძიებთ შეხვედრებს მათთან, ვისაც სხვა სარწმუნოება გააჩნია. პასუხი: “ამინ”! (ეკლესიათა ლიდერები უცვლიან ერთმანეთს ჯვრებს) - როგორც ქრისტიანები ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გამოვხატავთ ჩვენს რწმენას უძველეს სარწმუნოების სიმბოლოსთან ერთად. - იკითხება ნიკეა - კონსტანტინეპოლის სიმბოლო “მრწამსი” - გალობენ “ალილუია” - 3-ჯერ. - იკითხება იოანეს სახარება (15:12-17). - ალილუია” - 3-ჯერ. - ქრისტეს მიერ ძმანო, ეკუმენურ მოძრაობაში ჩვენ ხშირად ვამბობთ: “როდესაც ახლოს მივალთ ჯვართან, მაშინ ჩვენ დაუახლოვდებით ერთმანეთს”. ასსამბლეის პირველი დღიდან ჩვენთან არის აფრიკული ჯვარი, დღეს ჩვენ დაგვირიგდება ახალი ნაირსახეობის ჯვრები, რომლებიც აქ ჰარარეშია დამზადებული. იქნებ ამ ჯვრებმა გაგახსენოთ ჩვენი ურთიერთობა, როდესაც სამშობლოში დაბრუნდებით და მოუთხრობთ თქვენიანებს ქრისტეს მიერ იმ ძმებზე და დებზე, რომლებიც აქ გაიცანით. იქნებ ეს წაადგეს ქრისტეში ერთობის აღდგენის საქმეს, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ და რომლისკენაც მოწოდებულნი ვართ. ჰიმნი: “თსაგანე ეთიოპია”. (ამ ჰიმნის დროს ჯვრებს ურიგებენ დელეგატებს) იკითხება ლოცვა: “ღმერთო ერთობისაო. ღმერთო სიყვარულისაო, განამტკიცე ჩვენს გულებში ის, რასაც ბაგეებით გამოვთქვამთ. განამტკიცე ყოველივე ეს ჩვენს გონებაში, რეალური გახადე ჩვენს ცხოვრებაში. გამოგვიგზავნე შენი სული, რათა ვილოცოთ იმაზე, რაზეც ვერ ვბედავთ ლოცვას. წაგვიყვანე სულ უფრო წინ და წინ, გვატარე ერთად, რათა შევასრულოთ შენი ნება. იესო ქრისტეს ნება. ამინ”! ნაწილი V: “მოვალეობანი” - რადგანაც ქრისტემ გამოგვარჩია მეგობრებად და მოგვიწოდა რათა გამოვიღოთ ნაყოფი და გვიბრძანა გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენ ღვთის შეწევნით ვამბობთ: ჩვენ გადავწყვიტეთ ვიყოთ ერთად, ჩვენ დასვენების გარეშე ვიზრდებით ერთობაში. სიმღერა: “ალილუია ზიმბაბვე” - ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთის მიზანი ასეთია - ყველა საგნები უნდა გაერთიანდნენ ქრისტეში, საგნები ზეცაშიც და დედამიწაზეც. - ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ჩვენი გამაერთიანებელი ძალა უფრო ძლიერია, ვიდრე გამთიშველი. - ვერც წარუმატებლობა, ვერც გაუბედაობა, ვერც შიში, ვერც მუქარა ვერ შეუშლის ხელს ჩვენს გადაწვეტილებას ვიაროთ ერთად სრული ერთობისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ყველას ვეძახით ვისაც სურს შემოგვიერთდეს ამ მოგზაურობაში. ჩვენ ვაფართოებთ საერთო ხედვას, ვსწავლობთ ახალ გზებსა და მოწმობებს ერთობლივი მოქმედებისათვის სარწმუნოებაში. - ალილუია. სხვადასხვა კონფესიათა წარმომადგენლები აკურთხებენ შეკრებილთ: “მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ”! - ღვთის შეწევნით 50 წლისათვის იუბილეზე ჩვენ ვადასტურებთ ეკლესიათა მსოფიო საბჭოს გავლენის გაძლიერებას, როგორც ჭეშმარიტად ეკუმენური ძმობისა, რა მიზნითაც იყო ის დაფუძნებული სიმპიროვანი ღმერთის სადიდებლად. - ალილუია (ENI). ასსამბლეაზე პოპულარობით სარგებლობდა კორეელი პასტორი ქალი ჩანგი, რომელმაც ჯერ კიდევ წინა ასსამბლეაზე გაითქვა სახელი სულთა გამოძახების შამანური რიტუალებით. პასტორი ჩანგი არის მდედრობითი სქესის აზიურ წარმართულ “ღვთაებათა” (ქალღმ. კალი) თაყვანისმცემელი. ჰარარეში ჩანგმა განაცხადა, რომ მიუხედავად მავანთა კრიტიკისა, იგი ერთგულია საკუთარი შეხედულებებისა, ხოლო რაც შეეხება მართლმადიდებლებს რომლებიც მის გამოსვლებს სინკრეტულს ეძახიან, ისინი მისი აზრით თავად ქადაგებენ სინკრეტიზმს თავიანთი მონაწილეობით ერთობლივ ლოცვებში.(!) ჩანგმა გამოთქვა შეხედულება, რომ ყოველი ეკლესია, მათ შორის მართლმადიდებლური, რომელიც კი არ არის ჩაკეტილი საკუთარ თავში, თავისთავად უკვე სინკრეტულია. ჩვენ გვსურს გარდავქმნათ ეკლესია, რათა მან თავი დააღწიოს მემარჯვენე პატრიარქალურ ფუნდამენტალიზმს, ჩვენ დავრჩებით ეკლესიაში რათა მოვახდინოთ მისი მოდიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ პასტორი ჩანგი მონაწილეობდა ე.მ.ს.-ს ეგიდით ჩატარებულ ქალთა “ლიტურგიაში” 1993 წელს აშშ-ში. ეს “ლიტურგია” მიეძღვნა ქალღმერთ სოფიას, მსახურება კი რძითა და თაფლით სრულდებოდა, იგივე “ლიტურგია” ჩატარდა აგრეთვე 1998 წლის 16-19 აპრილს აშშ-ში. მასში მონაწილეობდა 900 “მღვდელ-ქალა” სვხადასხვა კონფესიებიდან. რძისა და თაფლის შეწირვას “ღმერთის ქალური იპოსტასის” - ქალღმერთ სოფიასადმი თან ახლდა აშკარა “სოდომური” ცეკვები და მკრეხელური განცხადებები, რომ თუკი იესო სრულყოფილი ადამიანი იყო, მას აუცილებლად ცოდვა უნდა ჩაედინა. ამ “ლიტურგიაში” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ე.მ.ს.-ის გენერალური მდივნის მოადგილე პრესვიტერიანელი მარი ანნ ლინდი გახლდათ (Вдъ-Информ). ე.მ.ს.-ს VIII ასსამბლეაზე ჰარარეში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მღვდელმა ილარიონ ალფეევმა განაცხადა: “ჩვენ გვსურს ვიხილოთ ე.მ.ს. რადიკალურად რეფორმირებული, რათა ის იქცეს ჭეშმარიტად მშობლიურ სახლად მართლმადიდებელთათვის XXI საუკუნეში”. საქართველოს საპატრიარქოს დამკვირველებმა (მღვდ. ბასილ კობახიძე) თვალცრემლიანმა აუწყა ასსამბლეის დელეგატებს, რომ მისმა ეკლესიამ მხოლოდ იმიტომ დატოვა ე.მ.ს.-ის რიგები, რომ ფუნდამენტალისტებისა და ექსტრემისტების ზეწოლას ვეღარ გაუძლო . ე.მ.ს.-ის მაღალჩინოსანმა მოხელემ, დოქტორმა ტურნერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იმისათვის რათა ე.მ.ს. იყოს მსოფლიო სხეული, აუცილებელია მართლმადიდებელთა მონაწილეობის შენარჩუნება საბჭოში. ასსამბლეას მიესალმა ალექსანდრიის პატრიარქი პეტრე VII, რომლის მისასალმებელი წერილიც გააცნეს შეკრებილთ: “... მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში ყოველთვის იყო და იქნება დაფუძნებული მართლმადიდებლურ გარდამოცემაზე, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონებზე (!), პან-მართლმადიდებლურ შეკრებათა გადაწყვეტილებებზე. “ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოჰსცა მას, რათა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო” (იოანე 3:16) ყოველი ჩვენთაგანი, ვინც კი მონაწილეობს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, ვალდებულია იყოს გარანტი ამ სიყვარულისა, კიდევ უფრო გააღრმავოს ეს სიყვარული, რათა შესაძლებელი გახდეს ქრისტიანთა გაერთიანება. თუ ჩვენ არ გვექნება ერთმანეთის მიმართ წმიდა სიყვარული და გულღია არ ვიქნებით ერთმანეთისადმი, მაშინ არ ვიქნებით ღირსნი გვეწოდოს უფლის მოწაფეთა სახელი. “ამით ჰსცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყუარებოდეთ ურთიერთარს”. (იოანე 13:35) ...ამგვარ აზრებით მოგესალმებით ჩემს საყვარელ ქრიტესმიერ ძმებს, VIII მსოფლიო ასსამბლეის დელეგატებს. ყველას გილოცავთ ე.მ.ს.-ს 50 წლისთავს და მთელი გულით ვლოცულობ ამ შეკრების წარმატებისათვის. ღმერთმა გაკურთხოთ! სული წმიდა გიძღოდეთ და განგინათლებდეთ გულსა და გონებას! ქრისტეს მიერ სიყვარულით. პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა პეტრე VII”. 3 დეკემბერს ჰარარეს უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა ალექსანდრიის პატრიარქ პეტრეს, კილიკიის სომეხთა კათალიკოს არამს, კოპტთა პატრიარქსა და სხვადასხვა ქრისტიანულ დენომინაციათა ლიდერებს შორის. შეხვედრამ გულთბილ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჰარარეს ასსამბლეაზე ნოვატორული წინადადებით გამოვიდა ე.მ.ს.-ის გენერალური მდივანი კ. რაიზერი: “ქრისტიანულმა ეკლესიამ სხვა რელიგიებთან ერთად ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა შეიქმნას ზნეობის გლობალური სისტემა (!), რომელიც ყველა რელიგიათა საერთო ფასეულობებს დაეფუძნება. ეკლესია ყველა ადამიანურ ინსტიტუტებთან ერთობაში უნდა ეძებდეს საყოველთაო, მსოფლიო ზნეობრივ სისტემებს. მორალური ნორმები, რომლებიც იქნება საფუძველი ამ სისტემისა, უნდა აღემატებოდეს ნებისმიერ ვიწრო რელიგიურ თუ ნაციონალურ ინტერესებს”. 8 დეკემბერს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე კ. რაიზერმა იმედი გამოთქვა, რომ მთავარი მსოფლიო ქსრიტიანული მიმდინარეობანი შექმნიან უნივერსალურ ქრისტიანულ მუდმივმოქმედ კრებას, რომელიც მოაგვარებს ეკლესიათა გაყოფის პრობლემებს. მსგავსი კრებები, თქვა რაიზერმა, იმართებოდა ქრისტიანობის გავრცელების საწყის ეტაპზე, პირველ საუკუნეებში. ამ მსოფლიო კრებებზე ეპისკოპოსები სწორედაც დოქტრინალური განსხვავებების პრობლემებს განიხილავდნენ და აწესრიგებდნენ. კ. რაიზერი ვერ მალავდა აღტაცებას ეპისკოპოს კალისტოსის (კონსტანტ.საპატრიარქო) და ელისაბედ ბერ-შიგელის (ანტიოქიის საპატრიარქო) მიერ წარმოდგენილი თეოლოგიური დასკვნით იმის შესახებ, რომ “არ არსებობს არანაირი ეკლესიოლოგიური მიზეზი, რომელიც ხელს შეუშლიდა ქალთა ხელდასხმას მართლმადიდებლურ ტრადიციაში”. “ეპისკ. კალისტოსის და ბერ-შიგელის გამოკვლევებმა ახალი პერსპექტივები წარმოაჩინა მართლმადიდებელთათვის” - განაცხადა კ. რაიზერმა. (Orthodox News, 11/XII-98). 1999 წლის 27 იანვარს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განოფილებაში ჩატარდა აღმსარებლობათაშორისი კომიტეტის (ХМКК) პლენარული სხდომა. მასში მონაწილეობა მიიღო დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ქრისტიანულ კონფესიათა წარმომადგენლებმა: სომხეთის მონოფიზიტური, ლიტვის “ძველმართლმადიდებლური”, მოსკოვისა და რუსეთის “სტაროობრიადული”, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის და შუა აზიის ლუთერანული, ბაპტისტთა ევრო-აზიური ფედერაციის, მეშვიდე დღის ადვენტისტთა დასავლეთ-რუსეთის გაერთიანების, რომის - კათოლიკური, მოსკოვის საპატრიარქოს და სხვა მრავალ რელგიურ გაერთიანებებიდან. მათ შორის იყო დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოდან. მოლაპარაკება და დისკუსია მიმდინარეობდა კეთილგანწყობისა და კონსტრუქციული დიალოგის პირობებში. სხდომის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება 1999 წლის 23-25 ნოემბერს მოსკოვში მოაწყონ საიუბილეო კონფერენცია ქრისტეს შობის 2000-წლისთავის აღსანიშნავად. გადაწყდა მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ამ ორგანოს მიმდინარე მუშაობას. როგორც ჩანს ე.მ.ს-დან გამოსვლის შემდეგ საქართველოს საპატრიარქო ეკუმენისტურ ნოსტალგიას დ.ს.თ-ს ეკლესიათა საბჭოში იქარვებს (ავტ.) (ОВЦС. პრეს-სამსახური. 28/I - 99). 1999 წლის იანვრის ბოლო დეკადა ვატიკანში ტრადიციულად ეკუმენისტურ ღონისძიებებს ეძღვნება. “ქრისტიანული ერთობისათვის” ლოცვის კვირეულთან დაკავშირებით კათოლიკებს სიტყვით მიმართა იოანე პავლე II-მ. მან აღნიშნა, რომ: “ეკლესიათა სრული ერთობა მხოლოდ ბოლო ჟამს განხორციელდება(!), მაგრამ იგი უკვე ჩვენს დროშიც საცნაურია”. პონტიფიკმა აღავლინა ლოცვები, რომ 1999 წელი იყოს რელიგიათაშორისი დიალოგის აქტივიზაციისათვის ხელსაყრელი და ნაყოფიერი, რამეთუ ეს წელი ეძღვნება მამა-ღმერთს, რომელსაც აღიარებენ ქრისტიანები და იუდეველები, შესაბამისად მოსალოდნელია ერთი ჭეშმარიტი ღმერთის(!) აღმსარებელი ამ ორი რელიგიის დიალოგის წარმატება დამდეგ წელს (ENI). ამ სიტყვებით რომის პაპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მკრეხელობა, რომ ჭეშმარიტი ღმერთის აღიარება შესაძლებელია ძე ღმრთისას - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღიარების გარეშე. მასთან სრულ თანხმობაშია მოსკოვის პატრიარქი ალექსიII, რომელმაც ნიუ-იორკის სინაგოგაში, რაბინების წინაშე განაცხადა: “ჩვენ ვაღიარებთ ერთსა და იმავე მამა-ღმერთს”. გვახსენდება გასული წლის სექტემბერში, თბილისში გამართული ებრაელთა საქართველოში მოსვლისადმი მიძღვნილი დღესასწაულების დროს პატრიარქ ილია II-ს მიერ ნათქვამი სადღეგრძელო იუდეველთა მთავარი რაბინის მიმართ: “ებრაელებს დიდი წვლილი შეაქვთ ერთი ღმერთის თაყვანისცემის საქმეში”. (ტელეპროგრამა “Вестник” 8/IX-98). ნუთუ თანამედროვე პატრიარქებმა არ იციან, რომ ქრიატიანები “ერთსა ღმერთსა სამებით, და სამებასა ერთობით პატივს ვცემთ და აღვიარებთ. - ხოლო იესო ქრისტე არის თანასწორი მამისა ღმრთაებით” (წმ. ათანასე დიდი). 1999 წლის 27 იანვარს რომის პაპის იოანე II-ს მონაწილეობით სენტ-ლუისის (აშშ) კათედრალურ ბაზილიკაში ჩატარდა საზეიმო ლოცვითი ცერემონია. კათოლიკე ეპისკოპოსთა და სამღვდელოთა გარდა მსახურებას ესწრებოდნენ მართლმადიდებლები, ეპისკოპალები, ლუთერანები, ბაპტისტები, მორმონები, იუდეველები, მუსულმანები, ბუდისტები, ინდუისტები და სხვა რელიგიათა წარმომადგენლები. საგალობელთა და ფსალმუნთა შემდგომ სენტ-ლუისის რაბინთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა რობერტ ჯეიკობსმა წაიკითხა ნაწყვეტი ესაიას წინასწარმეტყველებიდან. ამგვარად, პაპის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ლოცვაში, ისტორიაში პირველად მონაწილეობა მიიღო რაბინმა. მსახურებას აგრეთვე ესწრებოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწენი, მათ შორის აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი მეუღლესთან ერთად (“Свет Евангелия”, 13/II-99). 1997 წლის ოქტომბერში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ამერიკას ეწვია. 20 ოქტომბერს ეპისკოპალური ეკლესიის უპირატესმა ედმუნდ ბროვინგმა, ვაშინგტონის კათედრალში ბართლომეოსის საპატივცემულოდ გამართა ეკუმენური დოქსოლოგია (სადიდებელი მსახურება) ებრაელ და მუსულმან რელიგიურ ლიდერთა მონაწილეობით. 21 ოქტომბერს ბართლომეოსმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა მუსლიმ-ქრისტიანული ურთიერთგაგების ცენტრში, რომელიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტშია გახსნილი. 24 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ეკუმენურ მღვდელმსახურებაში, ამერიკის ეკლესიათა ეროვნულ საბჭოში სხვადსხვა რელიგიათა ლიდერებთან ერთად. ამავე დღეს ნიუ-იორკში პატრიარქის მასპინძლობით იმართება, ბერძნული ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მოწყობილი საცეკვაო საღამო. 25 ოქტომბერს მონაწილეობს ნანა მუსკურის “მშვიდობის კონცერტში”, რომელიც წმ. იოანეს კათოლიკურ კათედრალში სრულდება. 28 ოქტომბერს ხვდება სომეხთა კათალიკოსს არამ I და ატარებს სამადლობელ ლოცვას წმ. სტეფანეს სომხურ ტაძარში დეკანოზ ანტრანიგ ბალარჯიანის მონაწილეობით. 29 ოქტომბერს კარდინალი ბერნარდ ლოვი მის საპატივცემულოდ მართავს საუზმეს. 31 ოქტომბერს ბართლომეოსი ყვავილებით ამკობს მარტინ ლუთერ კინგის საფლავს. 3 ნოემბერს ჩიკაგოში, საეპარქიო რეზიდენციაში ბართლომეოსმა მოაწყო რელიგიურ ლიდერთა ოფიციალური მიღება. (ამერიკის ბერძნული არქიდიოცეზის პრეს-სამსახური). კონფერენციაზე “მართლმადიდებლობა და უცხოეთში მცხოვრები ბერძნები” კართაგენის მიტროპოლიტმა (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) აღნიშნა, რომ ეკლესია უნდა გახდეს უსაზღვროდ ეკუმენური და იგი უნდა იქცეს ერთობად ყველა ადამიანისა განურჩევლად მისი რელიგიისა. ავსტრიის მიტროპოლიტმა მიქაელმა (კონსტ. საპატრიარქო) განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის კურსი უნდა განისაზღვროს ახლადშექმნილი ვითარებების მიხედვით და იგი უნდა შეეწყოს დროს. (Macedonian Press Agency. 5/XII - 97). ანტიოქიის საპატრიარქოს სინოდის კრებაზე, რომელიც 1997 წლის 26 მაისს ჩატარდა, დადგინდა: 1) მოიხსნას მარხვა ბრწყინვალე შვიდეულიდან ამაღლებამდე. 2) ქალებს მიეცეს ზიარების უფლება ნებისმიერ დროს (დედათა წესისა და ბავშვის გაჩენის შემდგომ 40 დღიანი განწმენდის პერიოდის ჩათვლით). 3)საეკლესიო პრაქტიკიდან ამოღებული იქნას ლიტურგიკული ტექსტები, სადაც ნახსენებია ქალთა “უწმინდურობა”. (ჟურნალი "Word" 1997, სექტემბერი). ფართო გამოხმაურება მოჰყვა აგრეთვე ანგლიკანთა პრიმასის მიერ ჩატარებულ მსახურებას სერბეთის პატრიარქის რეზიდენციაში მოწყობილ ეკლესიაში, რომელსაც თვით პატრიარქი პავლეც ესწრებოდა. “ყინული, რომელიც ყოფდა რომისა და სერბეთის საყდრებს, დამსხვრეულ იქნა 1999 წ. 1 აპრილს პატრიაქ პავლესა და ვატიკანის საგარეო საქმეთა მდივნის არქიეპისკოპოს ჟან-ლუი ტორანის გულთბილი ამბორის დროს” - ასე იწყება ვატიკანის ოფიციალური სააგენტოს “ZENIT"-ის ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ. ორი კვირით ადრე კი პატრიარქი პავლე ხორვატიას ესტუმრა, სადაც გულთბილი შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ კათოლიკე არქიეპისკოპოს ბოზანიკ ზაგრებელთან (Вдъ. - Информ. Апрель 1999). 1998 წლის მიწურულს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ფოტოგრაფია, რომელზედაც კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი ხანუკას იუდაისტურ დღესასწაულს ხსნის მენორას (შვიდსასანთლეს) კურთხევით. მოსკოვის კრემლის საპატრიარქო პალატებში 1999 წლის 17 მაისს ჩატარდა ტემპლტონის პრემიის გადაცემის ყოველწლიური ცერემონია. ღონისძიება გაიხსნა ბერძნულ-ლათინურ-სლავური გალობით “ქრისტე აღსდგა". მოსკოვის პატრიარქის სახელით შეკრებილთ მიმართა სოლნიჩნოგორსკის მიტროპოლიტმა სერგი ფომინმა. მან სტუმრებს მოუწოდა ერთობლივად წაეკითხათ ლოცვა “მამაო ჩვენო". არაქრისტიანული რელიგიიის წარმომადგენლებს, მიტრ.სერგიმ საკუთარი ლოცვების წაკითხვა შესთავაზა. მიტრ. სერგის ნიშანზე თითქმის ყველა შეკრებილი წამოდგა და ხმამაღლა, სხვადასხვა ენებზე წარმოსთქვა “მამაო ჩვენო". მუსულმანმა მუფტიმ, იუდეველმა რაბბინებმა და ბუდისტმა ლამამ ამ დროს თავიანთი ლოცვები და მეტანიები შეასრულეს. დარბაზში სადაც მოსკოვის საპატრიარქო მირონს ხარშავს, ამ სუპერეკუმენისტურ ლოცვაში მიტრ. სერგის გარდა მონაწილეობდნენ: რუსეთის მთავარი რაბბინი ადოლფ შაევიჩი, ებრაელთა რელიგიური კონგრესის თავმჯდომარე რაბბინი ზინობი კოგანი, რუსეთის ბუდისტთა ლიდერი პანდიდო-ხამბო-ლამა დამბა აიუშეევი, ლუთერანული ეკლესიიდან ვლადიმერ პუდოვი, ბაპტისტთა პასტორი პეტრე აბრაშკინი, მოსკოვის საპატრიარქოს სამღვდელოება, სხვადასხვა პროტესტანტული კონფესიების, ისლამის წარმომადგენლები. ცერემონია დასრულდა კიდევ ერთი საერთო ლოცვით, რომელიც მღვდელმა ვსევოლოდ ჩაპლინმა (მოსკ.საპატრ.) წაიკითხა. დასასრულ ჩაპლინმა დამსწრეთ უსურვა - კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ცხონება და საქმეთა კეთილწარმართება. წმ.ტატიანას სახ.ტაძრის გუნდმა შეასრულა საეკლესიო მრავალჟამიერი. (Вдъ-информ, Москва). რომის პაპის ვიზიტის დროს პოლონეთში, 1999 წლის 11 ივნისს ქ.დროგიჩინში მესსაზე ათასობით ადამიანი დაესწრო. კათოლიკებთან ერთად წარმოდგენილნი იყვნენ მართლმადიდებლები, პროტესტანტები, ისლამისა და იუდაიზმის მიმდევარნი. რომის პაპს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქმა მიტროპოლიტმა საბამ: “სხვადასხვა აღმსარებლობათა “სინთეზის” უმძიმეს გზაზე მრავალი წყალქვეშა ქვაა. კიდევ მრავალი ძალისხმევის დახარჯვა იქნება საჭირო, რათა სხვადასხვა რელიგიათა განშტოებანი ერთ, ძლიერ ხედ იქცნენ. ჩვენ გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას რომის პაპის მიმართ, რომელიც დაუღალავად იღწვის ამ კეთილშობილურ ასპარეზზე.”("Religion Today", 12/VI-99). იმავე წელს, 8 მაისს ბუქარესტს ეწვია რომის პაპი იოანე პავლეII. პაპი შეხვდა რუმინეთის ოფიციალური ეკლესიის სინოდს (35 ეპისკოპოსი), საუბრის ძირითადი თემები იყო “ეკლესიათა ერთობა” და ომი იუგოსლავიაში. 9 მაისს რომის პაპი დაესწრო ბუქარესტის კათედრალურ ტაძარში რუმინეთის პატრიარქ თეოქტისტეს მიერ ჩატარებულ წირვას, მისთვის საგანგებოდ მიშენებულ აივანზე. წირვის ბოლოს რომის პაპმა და რუმინეთის პატრიარქმა ხმამაღალი აპლოდისმენტების თანხლებით ძმური ამბორი ჰყვეს. ამის შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა იოანე პავლე II. კათედრალური ტაძრიდან პაპი და პატრიარქი “პოდულ პარკში” ღია ცის ქვეშ მოწყობილ კათოლიკურ სამლოცველოში მივიდნენ, სადაც მრავალრიცხოვანი კათოლიკე მრევლის თანდასწრებით პაპმა მესსა გადაიხადა. მესსის შემდეგ პაპმა მოუწოდა რუმინელ კათოლიკებს ეკუმენური დიალოგისკენ მართლმადიდებლებთან. ვატიკანის ნუნცის არქიეპისკ.ჟან კლოდ პერისსეს შეფასებით - ვიზიტის ეფექტმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს. “რომის პაპმა ათასობით მორწმუნე შეკრიბა ორ ლიტურგიაზე, სადაც ეკლესიათა ორი მეთაური ერთად ლოცულობდნენ შერიგებისა და ერთიანობისათვის” - განაცხადა პერისსემ. ჟურნალისტებთან საუბარში პატრიარქმა თეოქსისტემ მოკლე რეზიუმე გაუკეთა პაპის ვიზიტს: “ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს, როდესაც რომი პირველი იყო თანასწორთა შორის". (РИА “Новости"). 2000 წლის 18 იანვარს ვატიკანში, წმ. პეტრეს ბაზილიკაში შედგა ეკუმენური ლოცვა, რომელიც მიეძღვნა “ქრიატიანული ერთიანობისათვის ლოცვის კვირეულის” გახსნას. ლოცვას უძღვებოდა იოანე პავლე II. მსახურებაში მონაწილეობდნენ შემდეგი საპატრიარქოების ოფიციალური წარმომადგენლები: კონსტანტინეპოლის (2), ალექსანდრიის (1), ანტიოქიის (3), იერუსალიმის (1), მოსკოვის (1), სერბეთის (3), რუმინეთის (1), საბერძნეთის ახალმესტილეთა მართლმადიდებელი ეკლესიის (1), პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (1), ალექსანდრიის კოპტური (მონოფიზიტური) საპატრიარქოს (1), ანტიოქიის სირიული (მონოფიზიტური) საპატრიარქოს, სომხეთის ეკლესიის (1), სომხეთის კილიკიური საკათალიკოსოს (1), სირიის აღმოსავლური (ნესტორიანული) ეკლესიის (1), ანგლიკანური თემის (5), ძველ კათოლიკეთა ეკლესიის (2), მსოფლიო ლუთერანული ფედერაციის (3), მეთოდისტების მსოფლიო საბჭოს (1), “ქრისტეს მოწაფეების” (2), “ორმოცდაათიანელთა ეკლესიის” (1) და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წარმომალდგენლები (3). მსახურებაში ვერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ვინაიდან, როგორც საქართველოს ოფიციალური ეკლესიის მეთაურმა, ილია II-მ განმარტა, საქართველოში ამ დროს სინოდის სხდომა მიმდინარეობდა. ინდულგენციების საკითხში არსებული უთანხმოების გამო ლოცვაში არ მონაწილეობდნენ აგრეთვე რეფორმატორთა მსოფლიო საბჭოს წარმომადგენლები. ეკუმენური მსახურება შედგებოდა სამი ნაწილისაგან, რომელთაგან თითოეული შეიცავდა ეკუმენურ ლოცვას და პაპის სვლას 30 ეკლესიისა და რელიგიური თემის წარმომადგენლების თანხლებით. ცერემონია დაიწყო ბაზილიკის პორტიკის ქვეშ, სადაც წაიკითხეს წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ. კითხვა დაიწყო იოანე პავლე II-მ და გააგრძელეს სამი სხვა ეკლესიის წარმომადგენლებმა. შემდეგ პაპმა ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლთან, კენტერბერიელ მთავარეპისკოპოს ჯორჯ კერისთან და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელთან, მიტროპოლიტ ათანასე ილიოპოლელთან ერთად გააღო ბაზილიკის კარები. ამ რიტუალს კათოლიკეები ყოველ 25 წელიწადში ერთხელ ასრულებენ, რითაც ქრისტეს შობიდან “საიუბილეო” თარიღებს აღნიშნავენ. მოკლე ლოცვის შემდეგ მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა იოანე პავლე II-ს სახარება მიართვა, რომელიც პონტიფიკმა ყველა იქ შეკრებილის წინაშე აღამაღლა. ამის შემდეგ შედგა პროცესიის საზეიმო შესვლა ბაზილიკაში. ამ სვლას სათავეში ჩაუდგა კათოლიკური ეკლესიის მეთაური, რომელსაც თან ახლდნენ “ქრისტიანობის სამი სხვა შტოს” წარმომადგენლები - მართლმადიდებლურის (მოსკოვის საპატრიარქო), მონოფიზიტურის (კოპტური ეკლესია) და პროტესტანტულის (მსოფლიო ლუთერანული ფედერაცია). ყველა იქ შეკრებილმა ერთად იგალობა 144-ე ფსალმუნი. ამას მოჰყვა ფრაგმენტების კითხვა კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლედან, მამა გიორგი ფლოროვსკისა და ლუთერანი ღვთისმეტყველის, დიტრიჰ ბონხეფერის წიგნებიდან. ამის შემდეგ პაპმა წარმოთქმა ქადაგება, რომელშიც ხაზი გაუსვა საიუბილეო წლის ეკუმენურ ხასიათს. “ჩვენ, სხვადასხვა ეკლესიებისა და საეკლესიო თემების წარმომადგენლებმა, ვიცით, რომ ყველანი დაშორებული ძმები ვართ, ამიტომ მტკიცედ უნდა დავადგეთ გზას, რომელიც მიგვიყვანს სრულ ერთიანობამდე ქრისტეში”, - თქვა იოანე პავლე II-მ. მან შეახსენა შეკრებილთ, რომ ქრისტეს სხეულის გაყოფა შეუძლებელია და დასძინა: “ამ მიტევების წელიწადს ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვართ ქრისტეს სხეულის გაყოფაში. ამ ბაზილიკაში ჩვენ მიტევება უნდა ვითხოვოთ ყოველივესთვის, რაც ეკლესიის ისტორიაში ხელს უშლიდა მის ერთიანობას”. პონტიფიკმა თავისი გამოსვლა იმის მოგონებით დაასრულა, თუ რა აღფრთოვანებით ხვდებოდნენ მას სხვადასხვა აღმსარებლობის ქრისტიანები ბუქარესტში: “ერთიანობა! ერთიანობა!” ეს შეძახილი, რუმინეთში რომ გაისმოდა, კვლავ მძლავრ ექოდ მიბრუნდება... ყველა ქრისტიანი, კათოლიკე, მართლმადიდებელი და პროტესტანტი ერთად ყვიროდა: “ერთიანობა! ერთიანობა!” და ჩვენც, ამ ბაზილიკიდან გამოსულნი, შევძლებთ ერთად შევძახოთ: “ერთიანობა! ერთიანობა!” - განაცხადა პაპმა. პაპის ქადაგების შემდეგ შედგა “მშვიდობის ამბორის” სიმბოლური გაცვლა; ორმა დიაკონმა ბერძნულ და იტალიურ ენებზე მოუწოდა ყველა იქ შეკრებილს ძმური ერთობისაკენ. ცერემონია დასრულდა “საერთო სარწმუნოების”(!) აღიარებით, რომელიც ლათინურ, ბერძნულ და გერმანულ ენებზე წაიკითხეს ალექსანდრიის პატრიარქმა, რუმინეთის პატრიარქმა და უტრეხტის კავშირის პრეზიდენტმა (ძველ კათოლიკეთა ეკლესია). შემდეგ ყველა მონაწილე მიიწვიეს საზეიმო სადილზე წმ. პავლეს სააბატოში. პაპმა თითოეულს პირადად გადაუხადა მადლობა ეკუმენურ ლოცვაში მონაწილეობისათვის. ამ მსახურების შესახებ თავისი აზრი ვატიკანის რადიოთი გამოთქვა მისმა მონაწილემ, ზაგრებ-ლუბლიანისა და ოფიციალური სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა იოვან პავლოვიჩმა. მან თქვა, რომ ეს იყო “განსაკუთრებული მოვლენა ყველა ქრისტიანული ეკლესიისათვის”. “თუ ქრისტიანობის ადრეულ საუკუნეებს მივუბრუნდებით, დავინახავთ, რომ მაშინაც არსებობდა სხვადასხვა კულტურები, მაგრამ XI საუკუნემდე არაფერი უშლიდა ხელს ერთიანობას. XI საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ქრისტიანული ერთიანობა ირღვევა, და მე ვგრძნობ, რომ ახლა, ახალი საუკუნის დააწყისში, ქრისტიანები ამაზე უნდა დაფიქრდნენ. კერძოდ, ეს ეხება საეკლესიო იერარქიას, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების წარმომადგენლებს”, დასძინა სერბმა მიტროპოლიტმა. მან მოიყვანა აგრეთვე პაპ იოანე XXII-ის სიტყვები იმის შესახებ, რომ აუცილებელია “ფანჯრის გაღება, რათა ეკლესიაში ახალი, სუფთა ჰაერის ნაკადი შემოვიდეს”. 2000 წელს რომში კიდევ ორი ეკუმენისტური ღონისძიების ჩატარება იგეგემება: 7 მაისს კოლიზეუმში შესრულდება XX საუკუნეში სარწმუნოებისათვის დაღუპულ მსხვერპლთა მოხსენიება; 5 აგვისტოს კი, კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოს I-ის თხოვნით, წმ. მარიამის ბაზილიკაში ჩატარდება ეკუმენური ღამისთევის ლოცვა. ინფორმაციას თან ახლავს ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ ლოცულობენ მუხლმოდრეკით, სამღვდელმთავრო შესამოსელში “მართლმადიდებელი” მიტრ. ათანასე, რომის პაპი და ანგლიკანთა ლიდერი. (VIS-CWN-ZENIT) 2000 წლის 29 თებერვალს სერბეთის პატრიარქი პავლე შეხვდა ბელგრადის კათოლიკეთა მთავარეპისკოპოს ფრანც პერკოს, ბელგრადის მთავარ მუფტის ხამდი იუსუფსრახიჩს და იუგოსლავიის მთავარ რაბბინს ისაკ ასიელომს. შეხვედრაზე განიხილეს და მოიწონეს ანგლიკანი მღვდლის დონალდ რივსის პროექტი სახელწოდებით “ევროპის სული”. პროექტის მიზანია სხვადასხვა რელიგიათა მიმდევარი ადამიანების ჩართვა ფინანსური რესურსების მოგროვების საქმეში, რათა აღდგენილ იქნას ბოსნიაში და კოსოვოში თითო მართლმადიდებლური და კათოლიკური ტაძარი, აგრეთვე მეჩეთი (”Русская линия”). 2000 წლის 7 მაისს რომის კოლიზეუმში ჩატარდა ეკუმენისტური მსახურება, რომელიც მიეძღვნა XX საუკუნეში წამებულ ქრისტიანთა ხსოვნას. მსახურებაში, რომელსაც რომის პაპი უძღვებოდა, 5000 ადამიანი მონაწილეობდა, 19 სხვადასხვა კონფესიიდან. რიტუალი დაიწყო რომის პაპის ლოცვით, რომელიც მან ლათინურად წაიკითხა. ლოცვა ბერძნულად წაიკითხა მსოფლიო პატრიარქის პირადმა წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა გენადიმ, რაც ინგლისურ ენაზე მსოფლიო ლუთერანულ ფედერაციის გენერალურმა მდივანმა იშმაელ ნიკომ გაიმეორა. რომის პაპმა თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ “ეკუმენიზმის ყველაზე შთამბეჭდავი ფორმა მოწამეთა ეკუმენიზმია, რამეთუ ისინი XXI საუკუნის ქრისტიანებს ერთობისაკენ მოუწოდებენ” (!) (CWN). “გადავაქციოთ მესამე ათასწლეულის პირველი საუკუნე სიყვარულის, მეგობრობის და ურთიერთდახმარების საუკუნედ”, - განაცხადეს 2000 წლის 9 მაისს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პატრიარქმა ილია II და ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქმა გარეგინ II. ”საქართველოსა და სომხეთის ეკლესიებს მჭიდრო საუკუნოვანი და მეგობრული წარსული აკავშირებს ერთმანეთთან, ეკლესიათა მეთაურებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ ამ ტრადიციული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების განვითარების საქმეში” - აღნიშნა პატრიარქმა ილია მეორემ (საქინფორმი. 11 მაისი. 2000 წ.). 2000 წლის 28 აგვისტოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მისი გენერალური მდივნის კოფი ანნანის ინიციატივით ჩატარდა მსოფლიოს რელიგიურ ლიდერთა პირველი ფორუმი. მასში ათასზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა სხვადასვხა რელიგიური მიმინარეობებიდან, მათ შორის იყვნენ ცეცხლთაყვანისმცელმები, დაოისტები, აფრიკული წარმართული ტომების ბელადები, ავსტრალიელ აბორიგენთა შამანები. პირველი სხდომა სინტოიზმის იაპონური კულტის მედიტაციით გაიხსნა. სხდომას ესწრებოდნენ ეპისკოპოსები თითქმის ყველა ოფიციალური მართლმადიდებლური საპატრიარქოდან. რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ: მიტროპოლიტი პიტირიმი, მიტროპოლიტი ვლადიმერი, მთავარეპისკოპოსი მაკარი, ეპისკოპოსი პავლე, რაბბინი ადოლფ შაევიჩი, მუფტი რავილ გაინუტდინი, რუსეთის კრიშნაიტთა ლიდერი ვაიდიანახტ დასი და სხვები. ფორუმის ძირითად ამოცანად დასახულ იქნა “რელიგიათაშორისი მოკავშირეობის” სისტემის რეგულირება. სამიტი ოთხი დღე გაგრძელდა და მიიღო საბოლოო დოკუმენტი სახელწოდებით “მშვიდობის დეკლერაცია” (CWN). 2000 წლის 12 ივლისს სანკტ-პეტერბურგში პეტრე-პავლობის დღესასწაულზე რუსეთის პატრიარქი დაესწრო წირვას სომეხ მონოფიზიტთა ახლად გახსნილ ტაძარში. წირვას ატარებდა სომეხთა პატრიარქი გარეგინ II. ალექსი II-ს თან ახლდნენ მიტროპოლიტი ვლადიმერი, ეპისკოპოსი კონსტანტინე და სამღვდელოება. ამ მსახურებას ესწრებოდნენ ევანგელისტთა არქიეპისკოპოსი რუსეთში მ. კრეჩმარი, ლუთერანთა ეპისკოპოსი ი. არრე კუგაპი, კათოლიკეთა პატრი ე. გეინრიხსი. წირვის შემდეგ ალექსი II აღნიშნა, რომ ახალი სომხური ეკლესიის კურთხევა უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო პეტერბურგისთვის არამედ ყველა მორწმუნესთვის. “ჩვენთვის სომხები ყოველთვის ძმები იყვნენ, რომლებთანაც არასოდეს არ გვქონია და არც გვექნება არანაირი გართულებები საეკლესიო ცხოვრებაში, სიმბოლურია, რომ დღეს ნაკურთხ ქვა-ჯვარზე ხაჩკარზე არის მონოფიზიტური და მართლმადიდებლური ტაძრების გამოსახულება” - თქვა თავის სიტყვაში მოსკოვის პატრიარქმა. ალექსი II ახალ სომხურ ტაძარს მაცხოვრის ხატი შესწირა. გარეგინ II-მ კი მას ვერცხლის ჯვარი აჩუქა. საღამოს ერთობლივ პრესს-კონფერენციაზე მხარეები შეთანხმდნენ სასულიერო სასწავლებლებში სტუდენტთა ურთიერთგაცვლის შესახებ. გარეგინ II ისაუბრა ორი და-ეკლესიის ურთიერთობაზე “მესამე დასთან” (ვატიკანთან) და განაცხადა, რომ ურთიერთობა და-ეკლესიებს შორის მეგობრულია, ხოლო საღვთისმეტყველო და ლიტურგიული ხასიათის განსხვავებათა დაძლევა სიყვარულით და კონსტრუქციული დიალოგით ხდება. გარეგინ II შეეხო თავის მომავალ ვიზიტს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან (ИТАР-ТАСС). 2000 წლის 18-23 ივნისს ვაშინგტონის კათოლიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ყოველწლიური ეკუმენისტური კონფერენცია “ნათელი აღმოსავლეთიდან”. კონფერენციის თემა იყო “ევქარისტია: ლოცვა ერთობისათვის”. კონფერენციის პროგრამაში შედიოდა ექვსი ძირითადი მოხსენება, დისკუსია და ეკუმენური მსახურებანი. ეკუმენისტური ლოცვები ჩატარდა წმ. ნიკოლოზის მართლმადიდებლურ და კათოლიკეთა ნაციონალურ კათედრალში. მოხსენებები წაიკითხეს ეპისკოპოსმა კალისტემ (კონსტ. საპატრიარქო), ნესტორიანელმა ეპისკოპოსმა მარ ბავაი სორომ (აღმოსავლეთის ასირიული ეკლესია), იეზუიტმა რობერტ ტაფტმა და სხვებმა. ნესტორიანელთა ეპისკოპოსმა ბ. სორომ თავის მოხსენებაში ყველას მოუწოდა ერთობოლივი ზაირებისაკენ რაც ხელს შეუწყობს ეკლესიათა გაერთიანებას. მანვე განაცხადა, რომ მისი ეკლესია გამოირჩევა განსაკუთრებული “ევქარისტიული სტუმართმოყვარეობით”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 140 ეპისკოპოსმა და სასულიერო პირმა სხვადასხვა ეკლესიებიდან (CWN). 2000 წლის 13-17 ივლისს სერბეთის საპატრიარქოს მოწვევით ბელგრადს ესტუმრა კათოლიკე ეპისკოპოსთა დელაგაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან. ვიზიტის პროგრამა შედგებოდა სამდღიანი თეოლოგიური დისკუსია, მართლმადიდებლური ტაძრებისა და მონასტრების მოლოცვა, აგრეთვე ბელგრადის ლტოლვილთა ბანაკის დათვალიერება. ვიზიტის ბოლოს მიღებულ იქნა ერთობლივი კომმუნიკე, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ “პოლიტიკაში” 29 ივლისს. ამ დოკუმენტში ვკითხულობთ: “ჩვენ ეპისკოპოსები სერბეთის საპატრიარქოდან და ევროკავშირის ეპისკოპატთƮ |